ყინვამ, დიდთოვლობამ და უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ 2025 წლის სეზონზე ხილის, განსაკუთრებით კი კურკოვანი ხილის მოსავალი სერიოზულად დააზარალა. რაც შეეხება ბოსტნეულს, მოლოდინები პოზიტიურია და ქართული პროდუქციის შემოსვლასთან ერთად, ბაზარზე ფასები უნდა დაკორექტირდეს, – ამის შესახებ ფერმერული მეურნეობა „აგრო-1959“-ის მმართველმა პარტნიორმა, გელა ხანიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, ხილ-ბოსტნეულის წარმოების მასშტაბების ზრდასთან ერთად, ქართულ ბაზარს საექსპორტო რაოდენობის ზრდის შესაძლებლობაც აქვს.

„ხილის მოსავალზე გავლენა მოახდინა ყინვებმა, განსაკუთრებით კურკოვან ხილზე, და ამიტომ მოსავალი არც ისე კარგია. ბოსტნეულის მოსავალზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ამ ეტაპზე კარგ მოსავალს ველოდებით, რადგან ნათესები ფერმერული მეურნეობებში აქტიურად მუშავდება და დიდ მასშტაბზე დაითესა. ფერმერები ყოველწლიურად აუმჯობესებენ როგორც თესლის ხარისხს, ისე დათესვის სისტემას. თუ რამე ბუნებრივმა მოვლენამ არ შეუშალა ხელი, მაგალითად სეტყვამ, არ ვფიქრობ, რომ ბოსტნეულის მოსავლის დეფიციტი გვექნება.

ბოსტნეულის ქართული მოსავალი როცა მოდის, ფასები კორექტირდება. 2-3 თვეში ველოდებით კიტრის, პომიდვრის, ბულგარულის, ბადრიჯნისა და სხვა მოსავლის აღებას.

ხილ-ბოსტნეულის წარმოების მასშტაბები იზრდება და ასევე იზრდება საიმპორტო მასშტაბებიც. გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელი, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მიუთითებს და იმედია, ამინდიც ხელს შეუწყობს ქართველ ფერმერებს“, – თქვა გელა ხანიშვილმა.