„რუსულ ბაზარს ახასიათებს სწრაფი მოთხოვნა და შემდგომ ამ მოთხოვნის უცებ ვარდნა,” - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
„პოლიტიკური მოვლენები ნელ-ნელა ნეგატიურად მიდის ეკონომიკური მოვლენებისკენ; ევროკავშირთან სიახლოვის ნაცვლად დაშორებისკენ. საქართველოსთვის DCFTA-ზე ხელმოწერა დღემდე პოზიტიურ მოვლენად რჩება. ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ამ ბაზართან მიმართებაში სტანდარტები აწიოს, ისეთი ხარისხის და რაოდენობის პროდუქცია აწარმოოს რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია მიღებული, რაც გულისხმობს სერტიფიცირებას, ხარისხის კონტროლს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან საექსპორტო პროდუქციის ზრდის ტენდენცია უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა ამ ზრდას თან უნდა ახლდეს დარგების მიმართულების გაძლიერება და შესაბამისობაში მოყვანა იმ ქვეყნის შიდა ბაზართან. ევროპის ქვეყნების სტანდარტების დაკმაყოფილება რომ მომხდარიყო, ჩვენი პროდუქცია უნდა ყოფილიყო იმ ხარისხის, რომელიც არის მოთხოვნადი, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა სათანადო შესაბამისობაში მოყვანა, ამიტომაც ტენდენცია შემცირებისკენ წავიდა.
ჩვენთან ის სტანდარტები და მოცულობები არ არის, რომელიც ევროკავშირის ბაზარს სჭირდება; ამას კიდევ ხელს უშლის, რომ ჩვენთან ტერიტორიულად უფრო ახლოსაა რუსეთის ფედერაცია. რუსულ ბაზარს ახასიათებს სწრაფი მოთხოვნა და შემდგომ ამ მოთხოვნის უცებ ვარდნა, მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური ბაზარია, ჩვენი მეწარმეები და ექსპორტიორები ხშირად ამჯობინებენ ძალიან მოკლევადიან ჭრილში მუშაობას. ადვილი არ არის რომ ჩვენი ექსპორტიორები პირდაპირ ევროპულ ბაზარზე გადაწყობილიყვნენ, ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, გარკვეულ დათვურ სამსახურს უწევს რუსეთის ბაზარი ჩვენ ქვეყანას, რადგან როგორც კი რუსეთში სწრაფი მოთხოვნა გაჩნდება მთელი პროდუქცია იქით მიედინება, ევროკავშირში გასატანი პრინციპში არაფერი რჩება“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გადახედვას არ გამორიცხავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაიყინოს, ხოლო ვიზალიბერალიზაცია გახმობილ იქნას.
ცნობისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაუმჯობესებული სავაჭრო რეჟიმი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. DCFTA-ის ფარგლებში საქართველოს ნულოვანი საბაჟო ტარიფით 10 000-მდე დასახელების პროდუქციის ექსპორტირების უფლება აქვს. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი ეხსნება, რომელიც 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.