ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე - Alibaba.com ქართული კომპანიების განთავსება იწყება.
პირველ ეტაპზე, პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს და პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით - ერთგვარი ვერიფიკაციით, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ მყიდველებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
Alibaba.com-ზე განთავსება ქართულ კომპანიებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, მოიზიდონ საერთაშორისო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი.
პლატფორმაზე განსათავსებელად კომპანიების შერჩევა 2 ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ელექტრონულ პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება/შერჩევა მოხდა. მეორე ეტაპზე კი, Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენილი კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სააგენტოს მხარდაჭერით მოხდება კომპანიების გადამზადება, რის შემდეგაც მათი პლატფორმაზე განთავსება დაიწყება.
უახლოეს პერიოდში იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, ელექტრონული კომერციის წამყვანი პლატფორმის წარმომადგენლები ქართულ პროდუქციას გაეცნობიან.
Alibaba.com 1999 წელს დაარსდა. ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმა მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება. პლატფორმა კომერციის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, რაც ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ხოლო მყიდველებს — პროდუქციის აღმოჩენაში, მომწოდებლების პოვნასა და შეკვეთების სწრაფად და ეფექტიანად განთავსებაში ეხმარება.