2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი, იტალიის მესამე მიმართულება - ვენეცია დაემატება – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ავიაკომპანია Wizz Air რეისებს ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს თანამედროვე, Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს.

ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ორი ისტორიული ქალაქის - ქუთაისისა და ვენეციის დაკავშირებით მოგზაურობა საქართველოსა და იტალიას შორის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, კომფორტული და მრავალფეროვანი გახდება.

ავიაკომპანია Wizz Air-მა 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე,  თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.

2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისიდან 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებებია მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია), ასევე ლიონი.

2025 წლის 7 თვის მონაცემებით, Wizz Air საქართველოში 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. მხოლოდ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ავიაკომპანიამ ქუთაისიდან და ქუთაისში დაახლოებით 4 800 რეისი შეასრულა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 9%-ით მეტია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.