„ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა - საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“, ეს გახლდათ იმ ორდღიანი კონფერენციის საგანი, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და DANSK Industri-მ ერთობლივი პროექტის ფარგლებში უმასპინძლეს.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სოციალური პარტნიორების, პრაქტიკოსი იურისტების, იურიდიული ფირმების, მედიატორების, არბიტრების, ადვოკატების, აკადემიური წრეების, ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ინდივიდუალური შრომითი დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების შესახებ სისტემური დიალოგის დაწყებას, მექანიზმების ანალიზს, სოციალურ პარტნიორების პოზიციების დაახლოებას და საცდელი/საპილოტე მოდელის შემუშავებას.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, მოხდა შრომის სამართლის ექსპერტის - ზაქარია შველიძის მიერ მომზადებული კვლევის - „ინდივიდუალური შრომითი დავის ალტერნატიული გადაწყვეტა: სისტემის განვითარების გზამკვლევი„ პრეზენტაცია და ფართო აუდიტორიაში გაიმართა დისკუსია, რამაც შესაძლებელი გახადა როგორც საერთაშორისო პრაქტიკის სათანადოდ გააზრება, ასევე ადგილობრივი პერსპექტივიდან გამოწვევების იდენტიფიცირება და მათ დასაძლევად შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა.
კონფერენციის მსვლელობისას Dansk Industi-ს და დანიის პროფესიული კავშირების გაერთიანების ექსპერტებმა იორნ კემპელმა და ფილიპ ნორდენტოფტმა აუდიტორიას გამოცდილება შრომითი დავების გადაწყვეტის „დანიური მოდელის“ და საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ გაუზიარეს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად აგრძელებს დანიელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შრომის ბაზრის განვითარება და ეკონომიკურ საჭიროებებთან მისი უკეთ ადაპტირება. დღევანდელი კონფერენცია ეძღვნებოდა ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის გზების ძიებას, რაც მნიშვნელოვანია ხანგრძლივი და ხარჯიანი სასამართლო დავების თავიდან აცილებისა და კომპანიებში დასაქმების პოლიტიკის უკეთ გააზრებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ღონისძიება არაა და ვფიქრობთ, დანიელ პარტნიორებთან BAG-ის თანამშრომლობას უკვე აქვს ხელშესახები სარგებელი როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ კონფერენცია ტარდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და Dansk Industri-ს ერთობლივი პროექტის „საქართველოს შრომის ბაზრის განვითარება: სოციალური დიალოგის, უნარებისა და ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა” ფარგლებში.
ინფორმაციას BAG ავრცელებს