კოვიდ პანდემიის შემდეგ საავტომობილო ბაზრის გააქტიურებისა და დადებითი მოლოდინების ნიადაგზე ქართველმა ავტო იმპორტიორებმა ქვეყანაში იმაზე მეტი ავტომობილი შემოიყვანეს, ვიდრე მის გაყიდვას შეძლებდნენ. ბაზარი 2023 წელს ექსპორტირებული ავტომობილებით გაჯერდა. კერძოდ, ქვეყანაში ამ წელს 60 ათასით მეტი სატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. მათი ნაწილი ამ დრომდე რეალიზების მოლოდინშია.
,,ბოლო მესამე წელია გვაქვს პრობლემა. 2023 წელს შემოვიდა 60 ათასი ერთეულით მეტი ავტომობილი ვიდრე ბაზარი გაყიდდა. ეს ნაშთის სახით არის ქვეყანაში. 2023 წელს გაჩნდა დადებითი ტენდენციები და მოლოდინები. პანდემიის მთელი რიგი პრობლემების შემდგომ, (რაც 2020 წლის შემდეგ პერიოდს ახასიათებდა სამი წლის განმავლობაში) ბაზარმა ძლივს დაინახა, რომ გააქტიურდა ვაჭრობა. ამას დადებითად უპასუხა, მაგრამ ზედმეტად დადებითად. თუ საჭირო იყო ერთი მანქანის ჩამოყვანა დილერებს და ავტოიმპორტიორებს ჩამოჰყავდათ ორი, სამი ავტომობილი. მოთხოვნა იყო, მაგრამ მოლოდინები იყო გადაჭარბებული. იყო მოლოდინი, რომ უფრო მეტი გაიყიდებოდა. 2019 წელს ჩვენ 110 ათასი ავტომობილი გავყიდეთ. იმის შემდეგ ჩვენ ამ მოცემულობას ვერ დავეწიეთ. ახლა კიდევ უფრო მცირდება. თუ არ ვცდები, 2024 წელს 107 თუ 106 ათასი ერთეული ავტომობილი გავყიდეთ. მოლოდინი იყო, რომ უფრო მეტს გავყიდდით 2023 წელს. ამ პირობებში რა თქმა უნდა ბაზარს გაუჭირდა.’’- განმარტავს „კომერსანტთან“ ,,ავტოიმპორტიორთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე.
2023 წელს დაწყებული პრობლემა დღემდე გრძელდება. ,,ავტოიმპორტიორთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელს იმ ფაქტორებზე ვკითხეთ, რამაც გამოწვევა დღის წესრიგში დატოვა. ალექსი ნონიაძე განმარტავს, რომ ვაჭრობის მოცულობა იზრდება არა რეალიზებული ავტომობილების რაოდენობის ხარჯზე, არამედ მათი ფასიდან გამომდინარე. იყიდება ცოტა ავტომობილი, რომლის ფასიც გაზრდილია. რეალიზების შემცირება საექსპორტო ბაზრებზე შექმნილ პრობლემებს უკავშირდება. პრობლემას იწვევს ისიც, რომ ყაზახი და ყირგიზი დილერები საქმიანობას ქართველი მომწოდებლების გვერდის ავლით ახორციელებენ.
,,შემოყვანილი ერთეული ავტომობილის ფასი იზრდება. შესაბამისად იზრდება ვაჭრობის მოცულობა. ეს არ ნიშნავს, რომ რაოდენობაში ჩვენ მეტი შემოვიყვანოთ. ექსპორტის ბაზრებზეც გარკვეული პრობლემები შეიქმნა. იქაც რაღაც ფორმით ბაზარი გაჯერდა. ამას დაემატა ის, რომ ყაზახ და ყირგიზ დილერებს თავისი გზებით და თავისი საშუალებებით შემოჰყავთ და ქართველი დილერებისგან აღარ ყიდულობენ. ავტომობილები რჩება ადგილზე. ამიტომ, როცა ვაჭრობის მოცულობის ზრდაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ შეიძლება გაიზარდოს იმპორტი და რეექსპორტი, მაგრამ რის ხარჯზე იზრდება? თუ ჩვენი დილერების გვერდის ავლით ხდება ეს და ჩვენს ქვეყანას იყენებენ, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონეს, მაშინ ეკონომიკას ბევრი ვერაფერი ვერ რჩება. ციფრები ციფრებად დარჩება. გაუმჯობესებულია ციფრები, მაგრამ ეკონომიკაში არა. რეექსპორტში მყოფი პირველი დარგი ბევრს ვერაფერს შექმნის. მაგრამ, თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ დარჩეს რაღაც ქვეყანაში და დამატებითი ღირებულება ქვეყნის მოქალაქემ შექმნას და მოგების სახით დარჩეს ქვეყანაში და არა უცხოელმა დილერმა სატრანზიტოდ გამოიყენოს და მხოლოდ ტრანზიტის გადასახადი გადაიხადოს. ტენდენციას რასაც ვაკვირდებით, სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს არაფრის მომცემი არ არის, გარდა იმისა რომ ქვეყნიდან ვალუტა გადის და რკინაში, ავტომობილში განივთებული თანხა რჩება, რომლის გაყიდვაც ჩვენს დილერებს უჭირთ. ეს ქვეყნის ეკონომიკას არ ადგება.’’- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
იმპორტიორებს ავტომობილების რეალიზებაში ხელი შეუშალა აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებამაც. ალექსი ნონიაძე „კომერსანტთან“ განმარტავს: ,,აზერბაიჯანის ხელისუფლების ინიციატივით თუ თაოსნობით ცალმხრივად არის გათიშული სახმელეთო საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. კარგი იქნება თუ საზღვარი გაიხსნება და სრულყოფილად აღდგება ეკონომიკური ურთიერთობები.’’
,,ავტოიმპორტიორთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საჭიროა იმ ფაქტორების გამოვლენა და დადგენა, რის გამოც აზერბაიჯანი და სომხეთი მეორადი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლებში მე-3 და მე-4 ადგილზე გადაიყვანა. ალექსი ნონიაძე მიიჩნევს, რომ ბაზრების გაფართოება პრობლემას მოაგვარებს. ამ მიმართულებით კი საჭიროა კვლევის ჩატარება. მისი მოსაზრებით, საქართველოსთვის შესაძლოა საინტერესო იყოს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ალექსი ნონიაძე განმარტავს, რომ სირიაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, ამიტომ ეს ბაზარი შესაძლოა საქართველოსთვის პერსპექტიული იყოს.
,,პერსპექტიულია ცენტრალური აზიის ქვეყნები, ეს არ არის მხოლოდ ყაზახეთი და ყირგიზეთი, ბევრი ქვეყანაა. აქაც გვაქვს გარკვეული პოტენციალი და შეგვიძლია ამ მიმართულებით უფრო ვიმუშაოთ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიც საინტერესოა. სირიაში რომ დამთავრდება კონფლიქტი პირველი რაც მოთხოვნადი იქნება არის ავტომობილები. ომის შედეგად ინგრევა შენობა-ნაგებობები და ნადგურდება ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო საშუალებები. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კონფლიქტის დამთავრების შემდეგ იქნება სატრანსპორტო საშუალებები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ამ ბაზარს ავითვისებთ. ეს ბაზარი შესწავლილი უნდა იყოს. ექნება მსყიდველობითი უნარიანობა ამ ბაზარს? ეს მეორე საკითხია. ძვირად ღირებული კვლევის ჩატარება არის საჭირო, რომელსაც ბიზნესმა მარტო ვერ გაართვას თავი. სახელმწიფოს დონეზე, მთავრობის ჩართულობა შეიძლება დასჭირდეს. ამიტომ, ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. ვიცით, რომ დიდი ნაწილი ბიზნესმა უნდა იშრომოს და იმუშაოს, მაგრამ ნუ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს როლს და ჩართულობას ამ საკითხში.’’- აცხადებს ალექსი ნონიაძე.