იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პარტიულ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლის დროს მისი ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა დგომაც ადასტურებს, პოლიტოლოგი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად დასავლეთისგან სრული იზოლაცია აშინებს.

„ივანიშვილი ცდილობს დასავლეთს დაანახოს საქართველოს, როგორც დერეფნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მაგალითად, ევროკავშირმა თვალი დახუჭოს ქვეყანაში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობასა და დემოკრატიის უკუსვლაზე…. ივანიშვილი მეტწილად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე ჩინეთზე, თუმცა ის რუსეთისგან გრძნობს საფრთხეს, მათ შორის, პირადი უსაფრთხოების კუთხით,“- მიიჩნევს გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი, რომელიც ბუნდესტაგში საგარეო პოლიტიკის მრჩევლად მუშაობდა.

„ჩვენი ქართული საზოგადოების მისია, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, მდგომარეობს მმართველი რეჟიმის ამ გეგმის ჩაშლის აუცილებლობაში,“ – გვითხრა მიხეილ სარჯველაძემ

„ბათუმელებმა“ გერმანიაში მცხოვრებ ქართველ პოლიტოლოგთან, მიხეილ სარჯველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო მიხეილ, მარტა კოსი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, არ გამორიცხავს საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად საქართველოს მთავრობასთან კონტაქტების აღდგენას. ეს რა შანსია ოცნებისთვის და საქართველოსთვის

აღნიშნული განცხადებით ბრიუსელი ჯერ კიდევ იტოვებს ხიდებს, შესაძლებლობას, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, უკან დაიხიოს და შეაჩეროს ავტორიტარიზმის დამყარების პრაქტიკა. სხვა შემთხვევაში განცხადების ტექსტი გაცილებით კატეგორიული იქნებოდა.

ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა სახის დათმობებზეა საუბარი, თუ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ მოახდინოს მისი იზოლაცია. პირველ რიგში, ეს ეხება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საკუთარი მოსახლეობის მიმართ ავტორიტარული პრაქტიკების შეჩერებას.

რეზოლუცია რეალურად ევროკავშირში, კერძოდ კი, ევროპარლამენტის ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ჯგუფში არსებულ განწყობებს ასახავს, თუმცა ის ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ ევროკავშირი ვერ მოქმედებს, როგორც ერთიანი აქტორი საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, უნგრეთის ფაქტორის გამო. რეალურად, ბრიუსელი დროს იგებს, რადგან მას სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ გააჩნია ერთიანი მიდგომა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოში არსებულ ავტორიტარულ რეჟიმთან მიმართებით. უფრო მკაფიო სტრატეგიაა და კომუნიკაციაა საჭირო, რომ „ქართულ ოცნებას“ არ შერჩება ქვეყნის ევროკავშირიდან დისტანცირება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან გასვლა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.

  • აქვს ევროკავშირს იმის მოლოდინი, რომ ქართული ოცნება რამეს დათმობს, როცა ვსაუბრობთ რუსული კანონების მიღებასა და დიქტატურის დამყარებაზე

ერთიანი ზეწოლის პირობებში არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რაღაც დათმობაზე წავიდეს.

ეს ზეწოლა უნდა მოდიოდეს არამხოლოდ გერმანიისგან ან ბალტიის ქვეყნებისგან, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისგან, რომელთა მმართველი ელიტებისთვის საქართველოში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება წინააღმდეგობაში მოდის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან.

რამდენად რეალისტურია ფართომასშტაბიანი წნეხი ამ ეტაპზე, როცა ევროკავშირი, მაგალითად, უკრაინის და ზოგადად უსაფრთხოების პოლიტიკის სახით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, არ ვიცი. ვიცით ის, რომ ზეწოლა და სანქციები რეჟიმს ყველა ვარიანტში დისკომფორტს უქმნის. შესაბამისად, აუცილებელია, წნეხი გაგრძელდეს და გაძლიერდეს როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნით. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ავტორიტარული რეჟიმის კუთხეში მიმწყვდევა შესაძლებელი.

ევროკავშირს სჭირდება პრაგმატული, არსებულ რეალობას მორგებული სტრატეგია, მაშინ, როცა ერთობლივი სანქციების მიღებას თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგება. ევროკავშირს გააჩნია სხვა ბერკეტებიც, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რომელსაც არ სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა, თუმცა აქ ბრიუსელი ცდილობს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო ზიანი არ მიაყენოს საქართველოს მოსახლეობას.

თუმცა თუ ევროპულმა ქვეყნებმა მაინც გადაწყვიტეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

ევროკავშირი დგას დილემის წინაშე: შეეგუოს საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარებას და საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გააგრძელოს ურთიერთობა მმართველ რეჟიმთან, თუ არჩიოს ღირებულებებზე დამყარებული, პრინციპული საგარეო პოლიტიკური მიდგომა.

მაგალითისთვის, ევროკავშირს სხვა უფრო ავტორიტარულ სახელმწიფოებთანაც აქვს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა, მათ შორის, ჩვენს რეგიონში.

პრინციპული საგარეო პოლიტიკური ხაზის გასატარებლად ევროკავშირს აუცილებლად სჭირდება დაეყრდნოს ქართული საზოგადოების აქტიურ მოთხოვნას ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

თუ ევროკავშირი დაინახავს, რომ მოსახლეობა არ უპირისპირდება ავტორიტარულ რეჟიმს და რეალურად არ არსებობს საზოგადოების დაკვეთა ევროინტეგრაციასთან მიმართებით, გაიზრდება „ქართულ ოცნებასთან“ ნელ-თბილი ურთიერთობების დამყარების შანსი გრძელვადიან პერსპექტივაში.

სწორედ ამიტომ ცდილობს „ქართული ოცნება“ ქვეყანაში საპროტესტო ტალღის აქტიურად ჩახშობას. ეს გულისხმობს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრობებს, ფინანსურ ჯარიმებს თუ ადამიანების დაშინების მცდელობას.

  • „ღვთიური მანანა ხომ არ არისო“  ეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ანტიკონსტიტუციური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გვითხრა. „ოცნება უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობის გაუფასურებას ცდილობს. რამდენად შეიძლება ამ მოცემულობაში ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს

ერთი მხრივ, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირისთვის არის საშუალება დაანახოს ქვეყნის მოსახლეობას, თუ რამხელა ზიანს აყენებს „ოცნების“ რეჟიმი საკუთარ ქვეყანას. მეორე მხრივ, საქართველოში ალბათ იშვიათია ოჯახი, რომლის წევრიც არ იმყოფება ემიგრაციაში, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ადამიანები მიდიან პოლონეთში, ევროპის სხვა ქვეყნებში, ლეგალურად თუ არალეგალურად – სხვა საკითხია, მაგრამ მათზეა დამოკიდებული ოჯახები. პირველ რიგში, ეს ოჯახები იგრძნობენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების სიმძიმეს და არა მმართველი პარტიის მდიდარი ფუნქციონერები.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ამ თემაზე რიტორიკა მიმართოს ევროკავშირის საწინააღმდეგოდ და ბურთი ევროკავშირის მოედანზე იყოს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდება, რადგან ეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია სანქციებთან ერთად.

ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების და რეჟიმის მსახურების მიმართ სანქციების რეჟიმი უნდა გააძლიერონ. ბევრი ქვეყანაა ევროკავშირში, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუმართავთ ამ ინსტრუმენტისთვის. მხოლოდ სანქციები საბოლოო შედეგის მისაღწევად, ავტორიტარული მმართველობის შესაჩერებლად არასაკმარისია, თუმცა მნიშვნელოვანი.

  • თუმცა ბლუმბერგის მილიარდერების სიაში ბიძინა ივანიშვილი აღარ არის. თუ მან უკვე გადამალა ქონება, იმოქმედებს სანქცია

სანქცია არის დისკომფორტი ნებისმიერი ოლიგარქისთვის, რომელსაც გააჩნია დიდი ფინანსური რესურსი. ამ დროს დასანქცირებული პირი საკუთარი ქონების შესანარჩუნებლად ყოველთვის ცდილობს, ან ალტერნატიული გზები მოძებნოს, ან დათმობაზე წავიდეს.

ვერ გეტყვით, რამდენად ეფექტური იქნება ფინანსური სანქციები, რადგან ივანიშვილს მოსამზადებლად დრო ჰქონდა. სხვაგვარად ის არ დაიწყებდა ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, ახალი ალიანსების [ერთგვარი პატრონაჟის] აქტიური ძიების პროცესს. როგორც ვხედავთ, ივანიშვილის რეჟიმი არ არის მხოლოდ რუსეთზე ფოკუსირებული, ის მიმართულია ჩინეთისკენაც და ცდილობს, ორი პატრონაჟის მეშვეობით ლავირების საშუალება დაიტოვოს.

ივანიშვილი მეტწილად დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე ჩინეთზე, თუმცა ის რუსეთისგან გრძნობს საფრთხეს, მათ შორის, პირადი უსაფრთხოების კუთხით. ვფიქრობ, რომ რუსეთის დაბალანსება ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მეშვეობით ნაკლებად პროდუქტიულია, რადგან რუსეთის გავლენა საქართველოში უკვე ძალიან ძლიერია და უპირველეს ყოვლისა, ეს თავად ივანიშვილის დამსახურებაა.

  • ამ დრომდე ჩინელებს არ უფორმებენ კონტრაქტს ანაკლიის პორტზე. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი აშშ უწევს ანგარიშს. თქვენი აზრით, რამდენად აქვს ივანიშვილს აშშ ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დამყარების რესურსი

ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი ძალიან დაბალია. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ და რუსეთი ურთიერთობების დათბობას გადაწყვეტენ, გაიზრდება „ქართულ ოცნებასა“ და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების დალაგების შესაძლებლობა. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩინეთის ზეგავლენა საქართველოზე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

რეალურად ჩვენ მსოფლიოს მულტიპოლარული საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ვართ, რომელიც რამდენიმე ცენტრს და ამ ცენტრების მიერ გადანაწილებულ ზეგავლენის სფეროებს გულისხმობს. დაპირისპირება უპირველეს ყოვლისა, ორ ცენტრს, აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო კავშირები ტრამპის ადმინისტრაციისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან.

  • მაშინ რა გათვლა აქვს, თქვენი აზრით, ივანიშვილს: როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ რთულ პერიოდს

რადგან უსაფრთხოება ივანიშვილისთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობს და ჩვენ გვახსოვს მისი სიტყვით გამოსვლები პარტიულ ღონისძიებებზე ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა, ვფიქრობ, რომ მას არ სურს საბოლოოდ მოექცეს სრულ იზოლაციაში დასავლეთის მხრიდან. მას სჭირდება ალტერნატივები საფრთხის შექმნის შემთხვევაში. შესაბამისად ის ცდილობს დასავლეთს დაანახოს საქართველოს, როგორც დერეფნის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მაგალითად, ევროკავშირმა თვალი დახუჭოს ქვეყანაში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობასა და დემოკრატიის უკუსვლაზე.

ივანიშვილს, ისევე როგორც რუსეთს, არ აინტერესებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, პირიქით, რადგან არც რეჟიმი და არც კრემლი არ არის მზად, დათმოს და გააზიაროს მოპოვებული ძალაუფლება თუ ზეგავლენა.

შესაბამისად, ივანიშვილის მიზანია, რომ ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო ევროკავშირმა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით პრინციპული საგარეო პოლიტიკური ხაზის გატარებაზე უარი თქვას და მეტ-ნაკლებად ურთიერთობების ნორმალიზება გადაწყვიტოს. ჩვენი, ქართული საზოგადოების მისია, ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, მდგომარეობს მმართველი რეჟიმის ამ გეგმის ჩაშლის აუცილებლობაში.

ევროკავშირისთვის რუსეთთან არსებული კრიზისის ფონზე მნიშვნელოვანია ალტერნატიული სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნების საკითხი, თუმცა „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს აშშ-ის და ჩინეთს შორის დაპირისპირებაში, საბოლოოდ რომელიმე აქტორის მხარე დაიჭიროს.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს აშშ-ს ადმინისტრაცია „ოცნებაზე“ ზეწოლის მოხდენას, რომ ჩინეთმა ვერ ჩაიგდოს ხელში ანაკლიის პორტი, რომელიც პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ვისაც ნავსადგომზე ექნება კონტროლი, იმ ძალას განსაკუთრებული გავლენა ექნება სამხრეთ კავკასიურ დერეფანზე.

ცხადია, რუსეთისთვის, ევროკავშირისგან თუ აშშ-ისგან განსხვავებით, ჩინეთი უფრო მისაღები პარტნიორია. კრემლს ამავდროულად გააჩნია დესტაბილიზაციისთვის საჭირო ინსტრუმენტები ანაკლიის ნავმისადგომის შეუზღუდავად ფუნქციონირებასთან მიმართებით შავ ზღვაში და ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

ამ დროს კი საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობა აგრძელებს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, რომელმაც სრული კრახი განიცადა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კრემლმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი გააძლიერა. პირველ მაისს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი, რეგულარული ფრენები დაიწყო და აქტიურად მუშაობს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე. რეალურად სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკიდან ქართული საზოგადოებისთვის მხოლოდ მოთმინება დარჩა, რაც „ქართული ოცნების“ ენაზე საკუთარი მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ნიშნავს, რადგან მმართველმა რეჟიმმა ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილ უმთავრეს სტრატეგიულ მიზნებზე, უკვე თქვა უარი.

  • რა არის ამ დროს წინააღმდეგობის გამოწვევა? უკვე 155- დღეა საქართველოში საპროტესტო აქცია გრძელდება.

„ქართული ოცნება“ არამხოლოდ აქტიურ ოპონენტებს უსწორდება, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ პარტიამ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების რელსებიდან გადაიყვანა და საპირისპირო მიმართულებით მიდის.

რეალურად პარტია უპირისპირდება ქვეყნის ყველა დემოკრატ მოქალაქეს, რომელიც არ არის მზად ვიწრო ინტერესების გამო საქვეყნო ინტერესებზე უარი თქვას. მაგალითისთვის, ვხედავთ, რომ თავდაცვის თუ საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიწყეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის პროცესი, რადგან რეჟიმს მხოლოდ ლოიალურად განწყობილი სახელმწიფო მოხელეები და დიპლომატები ესაჭიროება, პარტიული და არა საქვეყნო ინტერესების გასატარებლად.

მთავარ გამოწვევას რეჟიმის მჩაგვრელი ინსტრუმენტების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომ არ გაქრეს საპროტესტო მუხტი. ეს არის, როგორც სამართლებრივი, ისე ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით „ქართული ოცნება“ პროტესტის მაქსიმალურად დასუსტებას ცდილობს. როგორც ვხედავთ, თავდაპირველად „ოცნება“ პროტესტს დაუპირისპირდა ძალადობით, თუმცა ძლიერი უკუშედეგის მიღების შემდეგ, აღნიშნული სტრატეგია შეცვალეს.

ამასთანავე, სახელისუფლებო მედია აქტიურად ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეების მარგინალიზებას, მათზე იზრდება ფინანსური თუ სამართლებრივიზეწოლა და მათი შეშინების მცდელობა. ეს არის უმთავრესი გამოწვევა: რამდენად შეძლებს საზოგადოება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გააგრძელოს ქუჩაში გასვლა და პროტესტის გამოხატვა.

ვფიქრობ, რომ უაღრესად სუსტია კავშირი ოპოზიციას და საზოგადოებას შორის მაშინ, როცა ოპოზიცია უნდა წარმოადგენდეს ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებს და განუწყვეტილივ ჰქონდეს კომუნიკაცია საკუთარ თუ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცური სპექტრის პრიორიტეტს გარე პარტნიორებთან ურთიერთობა წარმოადგენს და არა საკუთარ მოსახლეობასთან. ფაქტია, რომ ოპოზიცია ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტშიც კი ვერ ახერხებს გაერთიანებას და საკუთარი თავის „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივად წარმოჩენას.

ოპოზიცია მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ადამიანებთან კომუნიკაციას, არამხოლოდ თბილისში, არამედ ასევე რეგიონებში. ოპოზიციის მიერ დაწყებული წინააღმდეგობრივი პროცესები საზოგადოებისთვის მხოლოდ მაშინ გახდება საინტერესო, თუ ის ასახავს საზოგადოების და არა პოლიტიკური პარტიების ინტერესებს. როგორც ამომრჩეველს, რომელიც არ ეგუება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას და ქვეყანაში ავტორიტარიზმის გამყარებას, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, თუ რა კონკრეტული პროგრამული ხედვები და გეგმები აქვს ოპოზიციურ სპექტრს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის იმ პერიოდისთვის, როცა „ქართული ოცნების“ რეჟიმი აღარ იქნება ქვეყნის სათავეში.

წყარო: "ბათუმელები"