ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული საკვების თითქმის ერთი მესამედი – დაახლოებით 1.3 მილიარდი ტონა – იყრება. იმის გარდა, რომ ეს ეკონომიკურად და მორალური თვალსაზრისითაც ცუდი ფაქტია, ამას გარემოსთვისაც არაფერი სასიკეთო არ მოაქვს. როდესაც საკვები ნაგავსაყრელებზე ხვდება, ის ანაერობულად იშლება და წარმოქმნის მეთანს, სათბურის გაზს, რომელიც 25-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ნახშირორჟანგი.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი? აზროვნების გლობალური ცვლილება! მთელ მსოფლიოში სახელმწიფო მუნიციპალიტეტებმა, ბიზნესებმა, ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა უნდა შეისწავლონ ეს საკითხი და მიანიჭონ საკვებ ნარჩენებს ახალი სიცოცხლე.

ნაგავსაყრელიდან ბიოსაწვავამდე

საკვების ნარჩენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პერსპექტივა ენერგიის გამომუშავებაა. ანაერობული დაშლის გზით, საკვების ნარჩენები შეიძლება ბიოსაწვავად გადაქცევის საშუალება გახდეს. ეს არის განახლებადი ენერგიის წყარო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ყოფით ცხოვრებაში. ნარჩენი, რომელსაც დიგესტატი ეწოდება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვები ნივთიერებებით მდიდარ სასუქად.

ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა შვედეთი და გერმანია, დიდი ინვესტიციები ჩადეს ბიოსაწვავის გამომუშავებაში. მათ დიდი რაოდენობით ორგანული ნარჩენები გადააქვთ ნაგავსაყრელებიდან და მუშაობენ მის საწვავად გარდაქმნაზე. აშშ და აზიის ზოგიერთი ქვეყანაც იკვლევენ, თუ როგორ შექმნან უფრო ეკომეგობრული გარემო.

კომპოსტირება

კომპოსტირება საკვების ნარჩენების ხელახლა გამოყენების პრაქტიკული და ეფექტური გზაა. ბოსტნეულის ქერქები, ყავის ნალექი, კვერცხის ნაჭუჭი და სხვა შეიძლება გარდაიქმნას კომპოსტად – ნიადაგის მდიდარ სასუქად, რომელიც აჩქარებს მცენარეთა ზრდას, ინარჩუნებს ტენიანობას და ამცირებს ქიმიური სასუქების საჭიროებას. საზოგადოებრივი კომპოსტირების ინიციატივები ვრცელდება ურბანულ რაიონებში და ზოგიერთ ადგილას ბიზნესებიც იწყებენ კომპოსტირების სერვისის შეთავაზებას გადამუშავებასთან ერთად.

ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა, როგორიცაა სან-ფრანცისკო და მილანი, მაგალითად, კომპოსტირება სავალდებულო გახადა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნაგავსაყრელებზე გამოყოფილი თანხის რაოდენობას და ამავდროულად მხარს უჭერს ურბანულ სოფლის მეურნეობას.

კულინარიული ინოვაცია

გარემოს დაცვა კულინარიული სფეროს წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. მზარეულები და მეწარმეები ნარჩენებს ახალ საკვებ პროდუქტებად აქცევენ. მაგალითად, ზედმეტი ხილი გარდაიქმნება სასუსნავ ჩირად ან წვენებად, ძველი პური ლუდად, ხოლო ლუდსახარშებიდან გამოყენებული მარცვლეული – საცხობ ფქვილად.

ეს მიდგომა სულ უფრო იკიდებს ფეხს დიდი მასშტაბით და სულ უფრო მეტი ცნობიერების კამპანია ვრცელდება კულინარიული ინოვაციის სახელით.

ცხოველთა კვება

მართალია, საკვები ნარჩენები შეიძლება ზოგჯერ ადამიანმა ვეღარ გამოიყენოს, მაგრამ ბევრი მათგანი იდეალურია ცხოველთა საკვებად. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სამხრეთ კორეა და იაპონია, საკვების ნარჩენები გადამუშავდება და უსაფრთხოდ გამოიყენება მეცხოველეობის საკვებად, რაც ამცირებს როგორც განადგურების ხარჯებს, ასევე ჩვეულებრივ ცხოველთა საკვებზე მოთხოვნას. ანალოგიურად, ზოგიერთი თევზის ფერმა იყენებს საკვების ნარჩენებს, რაც ხშირად ცილებით მდიდარ საკვებია წყლის ბინადრებისთვის.

ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები

ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობს საკვების ნარჩენების მინიმიზაციასა და მისი ღირებულების მაქსიმიზაციაში. ჭკვიანი ურნები და აპლიკაციები ეხმარება მოქალაქეებსა და ბიზნესს ნარჩენების მენეჯმენტსა და უფრო გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში როგორც შესყიდვის, ისე მოხმარების თვალსაზრისით. 

თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება გამოიყენება სოფლის მეურნეობასა და საცალო ვაჭრობაში მოთხოვნის უფრო ზუსტად პროგნოზირებისთვის, რაც ამცირებს იმ საკვების რაოდენობას, რომელიც არასდროს აღწევს მომხმარებლებამდე.

საკვების წრიული მომავალი

საკვების ნარჩენების ხელახლა გამოყენება არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის აქტი. ეს წრიული ეკონომიკისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელშიც რესურსები ეფექტურად და მდგრადად გამოიყენება. საკვების ნარჩენების სწორი მენეჯმენტით, ჩვენ ვამცირებთ გამონაბოლქვს, ვინარჩუნებთ რესურსებს და ხელს ვუწყობთ ინოვაციებს.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ არ ვიყიდოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც რეალურად არ გვჭირდება, რათა მერე ის არ მოხვდეს ნაგავსაყრელზე. ასევე, ყურადღება მივაქციოთ ვარგისიანობასა და რაოდენობას. პირობითად, თუ დღეს სადილისთვის მწვანილს ყიდულობთ, იმდენი შეიძინეთ, რომ დღევანდელ სადილს ეყოს, რადგან მაცივარში შენახვის დროსაც კი ის მალე ლპება და ჩვენი სახლიდან ნაგვის ურნაში ხვდება. 

როდესაც თითოეული ადამიანი გაიაზრებს თავის წილ პასუხისმგებლობას და მიხვდება, რომ ის თანაარსებობს ბუნებასთან ერთად და არა ცალკე, გარემოც უფრო ჯანსაღი იქნება და სამომავლოდ ჩვენი პლანეტაც შეინარჩუნებს სიცოცხლეს.

წყარო: marketer.ge