"რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის" დირექტორი, ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მედია პრესის თავისუფლების დღეს პატიმარი ჟურნალისტით ხვდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის შეფასებით, არ გავა ერთი დღეც კი, როდესაც სხვადასხვა ხერხით ივანიშვილის რეჟიმი მედიაზე ზეწოლას არ ახორციელებდეს.
"წელს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხვდებით ქალი პატიმარი ჟურნალისტით 3 მაისს. ვინ რა უნდა წაართვა ამ ქვეყანას, ვიდრე მზია ამაღლობელის ამბით ართმევენ თავის ტრადიციებს და კულტურას. ჩვენთვის ეს მძიმე დღეა. გათავისებული გვაქვს, რომ ამ უსამართლობას ვერაფერს ვშველით. თითოეულ დღეს ერთი შემთხვევა მაინც მოდის მედიაზე ზეწოლის. ერთადერთი, რასაც "ქართული ოცნება" არ აკეთებს, არის ის, რომ თვითონ არ შედის და არ ხურავს. ან თავი უნდა მოიკლა, ან უნდა დაგაპატიმრონ, ან უნდა დაგიკეტონ შემოსავლის ყველა წყარო, გაგაშავონ, შენ წინააღმდეგ კამპანია უნდა აწარმოონ" - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს 3 მაისია, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე, რომელსაც საქართველო უმძიმესი სტატისტიკით ხვდება. მხოლოდ ერთ წელიწადში, ივანიშვილის რეჟიმის მიერ გატარებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო, მედიის უფლებების დარღვევის 340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
კვლევის შედეგებს მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი აქვეყნებს და წერს, რომ დაფიქსირდა 112 ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, 12 უკანონო დაკავების ფაქტი და 77-ჯერ შეზღუდული უფლება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ერთ წელიწადში პირველად შეიქმნა პრეცედენტები, როცა ჟურნალისტებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ ნიღბიანი ზონდერ დაჯგუფებები და ლამის სასიკვდილოდ იმეტებდნენ.
საქართველოს დღეს პირველად ჰყავს ქალი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
ამასთან, უკვე დაიხურა ერთი კრიტიკული არხი, ათობით ჩვენი კოლეგა კი რეჟიმის რეპრესიების გამო საკუთარ პროფესიას ჩამოშორდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ 4 თვეში მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 85-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ მიმართულებით 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება და ქართული მედია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს გამოწვევებით ხვდება.
„არსებობის ეგზისტენციალური საფრთხე და გადარჩენისთვის ბრძოლა - ამ გამოწვევებით ხვდება დამოუკიდებელი ქართული მედია 3 მაისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. მიმდინარე წელს, კვლავაც გრძელდება 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ 2025 წლის პირველ 4 თვეში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 85-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთივე შემთხვევა აღრიცხა.
ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლების გახშირებული შემთხვევების პარალელურად, განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციად ყალიბდება მმართველი ძალის მხრიდან სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზება და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ძირითადად მათ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში ვლინდება. 2025 წელს, დაფიქსირებული შემთხვევების 40% (33) სწორედ ასეთია. აღნიშნული ანგარიში სწორედ ამგვარ მაგალითებს მიმოიხილავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის მანკიერი გამოყენების პრაქტიკა 3 ძირითად მიმართულებად დაყო: ჟურნალისტების უკანონო დაკავება; ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა; ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია მსგავსია სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიღებული ზომებისა, როდესაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები რეპრესიების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენენ. მათ შორის, აქტიურად გამოიყენება ქვეყანაში არსებულ საშუალო შემოსავლის დონესთან არაადეკვატურად მაღალი ჯარიმები, რაც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი ეფექტიან ინსტრუმენტებად იქნა გამოყენებული ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. განცხადებაში, სხვა ბევრ დარღვევასტან ერთად, ხაზგასმულია, რომ ჯარიმას ჯარიმაზე იღებენ ის ჟურნალისტები, „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ აქციებს. ჟურნალისტები სამართლებრივად იდევნებიან და ჯარიმდებიან უკვე ფეისბუქ სტატუსების გამოც.
„პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული ოცნების“ დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგად აღმოჩნდნენ.
2025 წლის 3 მაისს მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემელი, რომლის დამსახურება ქართული მედიის მშენებლობაში შეუფასებელია, შეთითხნილი ბრალდებითა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით ციხეში ხვდება.
მაუწყებლობა შეწყვიტა „მთავარმა არხმა“, კრიტიკულმა ტელევიზიამ, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებას აჩვენებდა იმ რეალობას, რომლის საგულდაგულოდ დამალვასაც პროპაგანდისტული მედია ცდილობს.
ახალ შენობაში, მაგრამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაცემების გარეშე ხვდება 3 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დევნის და სამსახურიდან უშვებს განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებს და ხურავს იმ გადაცემებს, რომლებშიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
მაუწყებლებს შინაარსობრივ საკითხებთან მიმართებით განსჯის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ამ ახალი მანდატით „ქართული ოცნების“ პარლამენტმა აღჭურვა. „ქართული ოცნების“ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ ისარგებლებენ ვერც დასავლური ფინანსებით და ვერც დასავლური ექსპერტიზით.
ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პრო-ევროპული აქციებზე სასტიკად სცემეს, სპეციალური საშუალებებით დააზიანეს და სხვადასხვა გზით შეურაცხყვეს პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა და, სავარაუდოდ, ძალოვან სტრუქტურებთან აფილირებულმა ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებმა, უშედეგოდ ელიან სამართალს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დაზარალებულმა ჟურნალისტმა ჩვენება მისცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელმაც, მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო, შედეგი არცერთ საქმეზე არ დამდგარა. დამნაშავეები დაუსჯელად განაგრძობენ საქმიანობას.
ჯარიმას ჯარიმაზე იღებენ ის ჟურნალისტები, „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ აქციებს.
ჟურნალისტები სამართლებრივად იდევნებიან და ჯარიმდებიან უკვე ფეისბუქ სტატუსების გამოც.
ცრუმოწმეების ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცავისადმი დაუმორჩილებლობისთვის სიტყვიერ გაფრთხილებას იღებენ ჟურნალისტები, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სწორედაც რომ სამართალდამცავები დაესხნენ თავს და იმდენად სასტიკად სცემეს, რომ მათ სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ.
„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ინფრასტრუქტურა კრიტიკული ჟურნალისტებისთვის „მტრისა“ და „აგენტის“ იარლიყების მიწებებითაა დაკავებული და მათ მარგინალიზაციას ცდილობს.
საჯარო ინფორმაცია და საჯარო სივრცეები ჟურნალისტებისთვის დაკეტილია. თანამდებობის პირები ბარიერებს ამაგრებენ ჟურნალისტთა კრიტიკული კითხვებისგან თავის დასაცავად. ონლაინ მედია ვერ აშუქებს პარლამენტის მუშაობას და ჟურნალისტებს ხშირად არ უშვებენ ადგილობრივი ხელისუფლების სხდომებზეც. მოსამართლეები თვითნებურად ართმევენ ჟურნალისტებს იმ სასამართლო პროცესების გაშუქების უფლებას, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.
საქართველოში არ უშვებენ იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობენ. სამაგიეროდ, „ქართულ ოცნებას“ კარი ფართოდ აქვს ღია ყველა ჯურის პროპაგანდისტისთვის.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში ერთიმეორის მიყოლებით იღებენ რეპრესიულ კანონებს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მოაყოლეს უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი. დასავლურ საგრანტო რესურსებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ.
დაუსჯელობა, თვითნებობა, აგრესია, კონსტიტუციისა და კანონების სრული უპატივცემულობა ყველა დონეზე – აი, ეს არის ის, რასთან გამკლავებაც უწევთ ყოველდღიურად ჟურნალისტებს საქართველოში საზოგადოებამდე სიმართლის მისატანად.
3 მაისი იმავდროულად არის ავტორიტარ მმართველთათვის მედიის ძალის შეხსენება, იმ ძალისა, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია მედგრად და დიდხანს და რომელთანაც ჯერ არასდროს არცერთ რეჟიმს არ გაუმარჯვია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 3 მაისს „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე მიუთითებს და მოუწოდებს, შეცვალოს დამოკიდებულება მის მიმართ, მედიასთან ურთიერთობისას იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციითა და იმ საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა ხელმომწერი საქართველოცაა.
„ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, გამოიძიოს ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული და დასაჯოს დამნაშავეები, გაიწვიოს უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმები და მისცეს ჟურნალისტებს წვდომა საჯარო ინფორმაციასა და საჯარო სივრცეებზე, გააუქმოს ბოლო თვეებში მიღებული ყველა ის კანონი და ცვლილება კანონში, რომელმაც მედიის გარემო გააუარესა“.
ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციის - „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2024 წლის რეიტინგით, საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა და გასულ წელთან შედარებით, 26 ადგილით დაქვეითდა.
მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში 180 ქვეყანას შორის ნორვეგია პირველობს.
შეგახსენებთ, სკანდინავიური ქვეყნები მუდმივად მაღალ ადგილს იკავებს პრესის თავისუფლებაში მათი ძლიერი სამართლებრივი ჩარჩოების, პოლიტიკური სტაბილურობისა და მინიმალური ჩარევის გამო.
შეერთებულმა შტატებმა 2024 წელს 55-ე ადგილი დაიკავა და ათი პოზიციით დაეცა.