ასაქმებენ თუ არა რუს მიგრანტებს ქართული რესტორნები აქტიურად და რა ვითარებაა ამ მხრივ სარესტორნო სექტორში. ამ თემაზე „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მოზღვავებული მიგრანტების ფონზე, არაა საჭირო ფობიებით ხელმძღვანელობა, მაგრამ საჭიროა სწორი პოლიტიკის ქონა.

„თბილისსა და ბათუმში ბიზნესებში მათი გააქტიურება შეინიშნება. ენის ბარიერი იმდენად დიდია, რომ ქართულ ბიზნესებში მათი წინა პლანზე დასაქმება თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ ისინი ხსნიან თავიანთ ბიზნესებს.  ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, მაგრამ უნდა არსებობდეს წესები და მათაც იმ წესებით უნდა იმუშაონ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის. ამ წესების დარღვევა ხშირად გვხვდება ბათუმში. ეს იქნება სარეკლამო ბანერების განთავსება, მენიუები მხოლოდ რუსულად და ა.შ.  გამართლება არ შეიძლება იყოს ის, რომ მათ არ იციან არსებული წესები. უცხო ქვეყანაში როცა ჩადიხარ, სანამ ბიზნესს დაიწყებ უნდა გაეცნო წესებს.

ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც რესტორნის ვიზიტორებს ესალმებოდნენ რუსულად. მე პირადად სირცხვილად მიმაჩნია, საკუთარ ქვეყანაში ოკუპანტის ენაზე როცა ესალმები სტუმარს. გინდაც რუსი იყოს თუ ქართველი.

ეს ყველაფერი დასარეგულირებელია და  ის ადამიანებიც, რომლებიც თუნდაც კეთილად არიან ჩამოსული ამ ქვეყანაში უნდა დაექვემდებარონ არსებულ რეალობას.“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისის თქმით, არასწორია კონტრარგუმენტად აღმაშენებლის გამზირის თემის წამოწევა. რადგან აქ არსებულ პრობლემებს ყურადღება მიექცა და მოსაგვარებლად ნაბიჯებიც გადაიდგა. ამასთან ბურჯანაძის თქმით, არასწორია ამ სიტუაციის და ოკუპანტი ქვეყნის თემის შედარება.

ბურჯანაძე ბათუმში კაფე „რეტროში“ მფლობელის მიერ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები პრობლემაა და სავარაუდოდ არც იშვიათი არაა. ამიტომ ასეთი ურთიერთობები არა კეთილსინდისიერებაზე არამედ კანონზე  და სტანდარტზე უნდა იყოს დამყარებული. ყველას უნდა აჰქონდეს თავისი მოვალეობები და უფლებები.