მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი სახელმწიფოს მხრიდან რთველის სუბსიდირების პროგრამიდან ეტაპობრივ გამოსვლას მიესალმება. როგორც შალვა ქურდაძემ „საქმიან დილას“ საკითხის შეფასებისას განუცხადა, დარგი ნორმალური საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელ პრინციპებს უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სუბსიდირება დარგს გაანადგურებს და პარაზიტულ ბიზნესებს წარმოქმნის, რომელიც უხარისხო ყურძნის შეძენაზე მუშაობენ.
მეღვინე ამბობს, რომ ვაზი გამძლე მცენარეა და კარგი მოვლის პირობებში, კარგ ნაყოფს იძლევა. შალვა ქურდაძე, რომელი ბიომეღვინეობას ეწევა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში არ არის ჩართული, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყურძნის ხარისხზე გარკვეულ გავლენას რთველის სუბსიდირების პროგრამაში შესული ცვლილებებიც იქონიებს.
„მე ვეწინააღმდეგები სექტორში სახელმწიფოს მსგავს ჩარევებს. ეს ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, ხელს უშლის ჯანსაღი გარემოს შექმნას და კონკურენტუნარიანობასაც უცნაურ ვითარებაში აყენებს. თუმცა იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ეს არსებობდა, მისი ერთი ხელის მოსმით გაქრობა ადვილი არ იქნებოდა. ვფიქრობ, ეს პირველი ნაბიჯია. სიმართლე გითხრათ, მე უფრო მკაცრ ნაბიჯსაც გადავდგამდი, თუმცა რა ნაბიჯიც გადაიდგა უკვე მისასალმებელია.
იმედია, შემდეგ პერიოდში სუბსიდირების პროგრამა კიდევ უფრო შემცირდება. დარგი უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელ პრინციპებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დარგი ამით ვერ მოიგებს, პირიქით, ეს გაანადგურებს დარგს და წარმოქმნის პარაზიტულ ბიზნესებს, რომლებიც უხარისხო ყურძნის ჩაბარებაზე მუშაობენ და ეს სექტორს არ გამოადგება“, - განაცხადა ქურდაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ჭარბი ყურძენს კი სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.