ყველაზე ძვირს ქართულ ღვინოში ამერიკა, კორეა და იაპონია იხდის, პრემიუმ ღვინისთვის ეს იდეალური ბაზრებია, - ამის შესახებ მეღვინეობა "ღვინის ქურდების" თანადამფუძნებელმა ზაზა ასათიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. მისივე თქმით, მეღვინეობა კორეის ბაზარზე გასვლას, მიმდინარე წლის სექტემბრიდან გეგმავს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის გარდა, კომპანიას აქტიური მოლაპარაკება აქვს ჩინეთსა და იაპონიასთან და სავარაუდოდ, ახლო მომავალში სიახლეები აღნიშნული მიმართულებითაც იქნება.

"ექსპორტის მიმართულებაზე აქტიურად ვმუშაობთ. რამდენიმე კვირის წინ კორეაში ვიყავით გამოფენაზე. აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე, კონტაქტი დავამყარეთ იაპონურ კომპანიასთან, რომელიც კორეაში იყო ჩამოსული. აღნიშნული კომპანია ოპერირებს როგორც კორეის, ასევე იაპონიის ბაზარზე და თუ ჩვენს შორის ურთიერთობა დამყარდება, ეს იაპონიის ბაზარზე გასვლასაც ნიშნავს. 

რაც შეეხება ამერიკის ბაზარს - აქ აპრილში გავგზავნეთ ღვინო და ძალიან მოეწონათ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით აქტიური ექსპორტი წლის მეორე ნახევრიდან უნდა დაიწყოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ კომპანიის გაყიდვები მიმდინარე წელს 30%-ით გაიზრდება. ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობები გვაქვს, თუმცა მომდევნო წლიდან, ვფიქრობთ, რომ წარმადობა 50%-ით გავზარდოთ. ჩვენ ყურძენს ვაბარებთ სხვადასხვა კომპანიაში და მომდევნო წელს სავარაუდოდ, არ ჩავაბარებთ და წარმადობას გავზრდით. 

პრიორიტეტებად, რომ დავალაგოთ ამერიკა, იაპონია და კორეა განსაკუთრებით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრებია, რადგან მაღალი საფასო კატეგორიის ღვინო გადის", - აცხადებს ზაზა ასათიანი.

მანვე აღნიშნა, რომ "ღვინის ქურდების" ყველაზე დიდი ბაზარი ნორვეგიაა, სადაც მათი პროდუქცია, დაახლოებით 320 მაღაზიაშია წარმოდგენილი.

"ამჟამად, საფრანგეთშიც კარგი პოზიციები გვაქვს და ასევე, ავსტრიაშიც. შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, მეღვინეობის წარმადობის 95% ექსპორტზე იყიდება, ხოლო 5% ადგილობრივ ბაზარზე - "8000 მოსავალში", - აღნიშნა ზაზა ასათიანმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - როგორც მეღვინეობის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, კომპანია HoReCa სექტორის და პრემიალური ქსელური მარკეტების კუთხით განვითარებას გეგმავს.

შეგახსენებთ, ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე კომპანია მათ  ღვინის ბრენდირებასა და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში ეხმარებოდა.

1tv.ge