დღეს, $80-მილიონიანი ინვესტიციით, კომპანია "ჯორჯია მეტალის" ქარხანა ოფიციალურად გაიხსნა. ახალი მეტალურგიული კომპლექსი ზესტაფონის სოფელ არგვეთაში მდებარეობს და ის თანამედროვე წარმოების ხაზით წელიწადში 400,000 ტონა არმატურის გამოშვებას, იმპორტის ჩანაცვლებას და საქონლის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
ახალი ქარხანა ირაკლი კობახიძემ და მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს. ბიზნეს რეესტრის თანახმად, საწარმოს აქციონერები არიან ბიზნესმენები ზურაბ ღიბრაძე (90%) და ავთანდილ კოჩაძე (10%). ისინი ამავდროულად ფლობენ იმერეთში არსებული მანგაზენის გადამმუშავებელი კომპანიის GTM ჯგუფის წილებს.
"ჯორჯია მეტალი" 1000-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ქარხანა გადაადნობს შავ მეტალს და თანამედროვე წარმოების ხაზით ფოლადის არმატურას გამოუშვებს.
ქარხნის მთავარი აგრეგატი არის ელექტროკალური ღუმელი, რომლის სიმძლავრეც 30 მეგავატს შეადგენს. კომპანია ასევე მეორე ღუმლის აშენებას და დადგმული სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს.
მმართველობითი ანგარიშის თანახმად, "ჯორჯია მეტალი" დაფუძნდა 2018 წელს და მისი გახსნა ჯერ კიდევ 2024 წლის მესამე კვარტალში იგეგმებოდა. პროექტი ფინანსდება როგორც მისი აქციონერების, ასევე ქართული კომერციული ბანკის მიერ.
რაც შეეხება ამავე აქციონერების საკუთრებაში არსებულ კომპანია GTM ჯგუფს, მას ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვს 2023 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმადაც კომპანიის შემოსავალი 13 მილიონი ლარი, 2022 წელს კი 88 მილიონი ლარი იყო. ქარხნის აქტივები 66 მილიონ ლარს შეადგენს.