რუსეთი ვერ გადაწყვეტს, განათავსებს თუ არა ჯარებს დასავლეთი უკრაინის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა  მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპული მხარე ვალდებულია, პუტინის ძლევამოსილად წარმოჩენა შეწყვიტოს და უკრაინას უსაფრთხოების მეტი გარანტია მისცეს. 

„რატომ გვაინტერესებს რას ფიქრობს რუსეთი უკრაინაში ჯარების შესახებ? ის სუვერენული ქვეყანაა და რუსეთს ამასთან საერთო არაფერი აქვს. თუ უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიისათვის თავის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად განათავსოს, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ ნაცვლად ამ საკითხს ვერავინ გადაწყვეტს. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად უნდა შევწყვიტოთ პუტინის ზედმეტად ძლევამოსილად წარმოჩენა.“ | თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა პრაღაში ვიზიტისას.

 დღეს პარიზში მსურველთა კოალიციის შეხვედრა იმართება, სადაც საბოლოოდ უნდა განისაზღვროს უსაფრთხოების გარანტიები, რომელსაც ევროპა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას შესთავაზებს, საერთაშორისო მედია წერს, რომ მარკ რუტეს მიერ მსგავსი განცხადების სწორედ ახლა გაკეთება შემთხვევითი არ არის და შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს სამშვიდობო ძალების განთავსება უსაფრთხოების გარანტიის ერთ-ერთ პუნქტად განიხილებოდეს.