2025 წლის აგვისტოში CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული სატელეფონო კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ პროდასავლურადაა განწყობილი და ევროკავშირში გაწევრიანებას ფართო მხარდაჭერა აქვს. საზოგადოება თანხმდება, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმება ხალხისთვის საზიანო იქნება. ამავე დროს, თუ უვიზო რეჟიმი მართლაც შეჩერდება, მოსახლეობის ნახევარზე მეტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს – ამის შესახებ 2025 წლის აგვისტოში CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებულ სატელეფონო კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

ევროინტეგრაციის მხარდაჭერა

საქართველოს მოსახლეობაში კვლავ მაღალია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა. ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 78% ემხრობა. ახალგაზრდებში (18-34) საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 86%. უფროს ასაკობრივ ჯგუფებში მხარდაჭერის მაჩვენებლები მცირედით იკლებს, თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანებას მაინც დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს: 35-54 წლის კატეგორიაში 76%, ხოლო 55+ ასაკობრივ ჯგუფში – 71%. სქესის მიხედვით განსხვავება პრაქტიკულად არ ფიქსირდება, თუმცა, დედაქალაქის მოსახლეობაში მხარდაჭერა უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში.

უვიზო მიმოსვლის პრაქტიკული გამოყენება

ევროინტეგრაციის გზაზე, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბოლო რვა წლის განმავლობაში მოსახლეობის 22%-მა ერთხელ მაინც იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყანაში უვიზოდ. ახალგაზრდებში (18-34) ეს მაჩვენებელი 33%-ს აღწევს, საშუალო ასაკის მოქალაქეებში – 23%-ს, ხოლო უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 12%-ს. კაცების უფრო დიდი ნაწილი (26%) იყო ევროკავშირში უვიზოდ, ვიდრე ქალების (18%). დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებს უფრო მეტად უმოგზაურიათ უვიზოდ, ვიდრე სოფლის ან განათლების შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ ადამიანებს.

სავარაუდო შედეგების აღქმა

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (78%) მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები, ქალები და დედაქალაქში მცხოვრებნი უფრო მეტად ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოქალაქეებისთვის ცუდი და დამაზიანებელი იქნება, ამ მხრივ საზოგადოება საკმაოდ ერთსულოვანია და დემოგრაფიულ ჯგუფებს შორის დიდი განსხვავებები არ გამოიკვეთა.

პასუხისმგებლობა

თუკი ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი (51%) პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. ასეთ შემთხვევაში 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო მეტად მიიჩნევენ პასუხისმგებლად „ქართულ ოცნებას“/ივანიშვილს, ვიდრე უფროსი ასაკის მოქალაქეები. ასევე, დედაქალაქში მცხოვრებნი მმართველ გუნდს პასუხისმგებლობას უფრო მეტად აკისრებენ, ვიდრე სხვა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებნი. საინტერესოა, რომ განათლების დონის მიხედვით ამ ნაწილში დიდი განსხვავებები არ გამოიკვეთა.

ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა CRRC-საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. გამოკითხვა 2025 წლის 8-12 აგვისტოს მიმდინარეობდა კომპიუტერით მხარდაჭერილი სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1,333 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები საქართველოს ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.