მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებმა 482 100 ვიზიტი განახორციელეს, რაც 77 400-ით ნაკლებია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 481 მილიონი ლარი დახარჯეს, აქედან თითქმის ნახევარი – საყიდლებში.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ თურქეთში – 184,8 ათასი ვიზიტი, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები – 88,5 ათასი ვიზიტი, სომხეთი – 70,2 ათასი ვიზიტი, შემდეგ რუსეთი – 66,6 ათასი ვიზიტი და სხვა ქვეყნები.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტის მიზნები იყო: უმეტეს შემთხვევაში მეგობრების/ნათესავების მონახულება – 176,4 ათასი ვიზიტი; საყიდლები – 153,6 ათასი; დასვენებისა და გართობის მიზნით საზღვარგარეთ განხორციელდა 89,7 ათასი ვიზიტი, ხოლო სამკურნალოდ – 7,5 ათასი ვიზიტი.
რაც შეეხება პროფესიულ და ეკონომიკურ საქმიანობას, ამ მიზნით საზღვარგარეთ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 45,3 ათასი ვიზიტი განხორციელდა საქართველოდან [13,2 ათასით ნაკლები ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში].
15 და მეტი ასაკის მოქალაქეთა საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ, 2025 წლის იანვარ-მარტის მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებული 482 100 ვიზიტიდან 475 200 იყო განმეორებითი ვიზიტი, ხოლო 6 900 შემთხვევაში იყო – პირველი ვიზიტი.
ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ჯამში 481,5 მილიონი ლარი დახარჯეს. ეს ხარჯები კი, კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
- საყიდლებში დაიხარჯა – 206,7 მილიონი ლარი,
- საკვებსა და სასმელში – 123,6 მილიონი ლარი,
- სასტუმრო/განთავსება – 57,9 მილიონი ლარი,
- ადგილობრივ ტრანსპორტში – 53,4 მილიონი ლარი,
- გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები – 20,4 მილიონი ლარი.
წყარო: "ბათუმელები"