საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დაადასტურეს,  რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერს არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლოლიკაშვილს ამ პოსტზე საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა აღარ ექნებოდა, პირველად 13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა. ონლაინგამოცემა ამ ამბავს, როგორც "შოკის მომგვრელ პოლიტიკურ მანევრს", ისე აფასებდა და წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის შეფასებით, შესაძლოა მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის უარყოფას ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ გრძნობენ, თუმცა ამას ადგილობრივი ტურიზმის დონეზე გავლენა აუცილებლად ექნება. 

„ჩვენი ქვეყნის შემოსავლების უდიდესი ნაწილი ტურიზმზეა დამოკიდებული.  „გაეროს“ როლი, შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით ისე არ იყოს, როგორც ჟღერს, მაგრამ ტურიზმში მას დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად გამოსაყენებელია, როცა ასეთ ორგანიზაციას ქართველი ხელმძღვანელობს. შესაძლოა ითქვას, რომ ამაზე მაღალ თანამდებობაზე ქართველს საერთაშორისო ორგანიზაციაში ჯერ არ უმუშავია. თუ ქვეყანაში ასეთ ადამიანს არ აფასებენ, ჩნდება კითხვა- საერთოდ რა იქნება დაფასებული? 

ზურაბ პოლოლიკაშვილის საკითხი ფართო წრეებისთვის შესაძლოა ძალიან მტკივნეული არ იყოს, მაგრამ მმართველი წრეებისთვის დიდი დარტყმა და მოულოდნელობა იყო. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მესამედ არჩევის პრეტენდენტი ჯერ არ ყოფილა, პოლოლიკაშვილის ეს შეეძლო და უბრალოდ წარმოუდგენელია, როცა ამაში შენი ქვეყანა მხარს არ გიჭერს",- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში.