მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში.
მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლი - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში - შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.
სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში 10 გრამიდან 150 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.
რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის (155-დან 750 გრამამდე), მარიხუანას - გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140-დან 500 გრამამდე, შეძენა-შენახვას გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე.
განსაკუთრებულ დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მეტს, მარიხუანას - გამომშრალი შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტს, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტს, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.
გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანასა და მცენარე კანაფის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, გადაისინჯება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მცენარე კანაფის მოყვანასა და კულტივაციასთან დაკავშირებით და მასზე იგივე სანქციები გავრცელდება, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი სხვა მცენარეების კულტივაციაზე არსებობს. კერძოდ, 145 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისათვის დადგინდება თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არ უნდა იყოს 6 წელზე მეტი, ასევე დაემატება ალტერნატიული სანქციები, როგორიც არის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინა პატიმრობა.
ამასთან, არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება. „კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებაზე ძალაში მოქმედი რეგულაციები რჩება.