„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, - რომლის მთავრობაც 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასავლური იზოლაციის რისკის წინაშე დგას და იშვიათად მართავს შეხვედრებს ევროპის დედაქალაქებში, გარდა ბუდაპეშტისა, - ახლა იუწყება, რომ ალბანეთში შეხვდა ევროპელ ლიდერებს.

ყველა ეს შეხვედრა არაფორმალურია, ისევე, როგორც თავად სამიტი - ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტი, - რომელიც 16 მაისს გაიმართა და რომლის ფარგლებში 45 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მათ შორის, ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნის გარდა, იყვნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, თურქეთის, უკრაინის, ასევე, ევროკავშირის არაწევრი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები.

ირაკლი კობახიძე წერდა, რომ სამიტზე მიწვევას გამოიყენებდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან გასაუბრებისათვის. „ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - დაწერა მან 16 მაისს, შეხვედრებამდე.

დღის განმავლობაში კობახიძის ფეისბუკზე გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ის პირისპირ შეხვდა:

  • სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს: „ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს“.
  • სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს: „შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, ასევე, ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებს. დავადასტურეთ მზადყოფნა პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“.
  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს: „ვისაუბრეთ ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღვნიშნეთ, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება“.

მაკრონი და მეცოლა

მან მონაწილეობა მიიღო არაფორმალური სამიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, თემაზე - „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“.

კობახიძემ ამ დისკუსიაზე ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შორის იჯდა. კობახიძის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ მათაც ესაუბრება.

„იმედის“ გავრცელებულ 20-წამიან ვიდეოში გამოჩნდა ისიც, რომ მაგიდასთან მჯდარ კობახიძეს ზურგს ხელს ადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მისასალმებლად ხელს უწვდის და მოიკითხავს.

კობახიძემ მოგვიანებით ქართველ ჟურნალისტებს უთხრა: „მე მქონდა 30-მდე ლიდერთან გასაუბრების საშუალება“.

ემანუელ მაკრონთან და რობერტა მეცოლასთან საუბრების შინაარსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა:

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა, ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას“.

2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერს ერთად მყოფ მაღალი რანგის ევროპელი ლიდერების ფართო წრესთან თუნდაც არაფორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობა ეძლევა.

ევროპარლამენტი, - რომლის პრეზიდენტიც არის რობერტა მეცოლა, - უკვე მრავალი თვეა, ფართო მხარდაჭერის მქონე რეზოლუციებით ითხოვს „ქართული ოცნების“ მესვეურთათვის სანქციების დაწესებას.

ამას „ქართული ოცნება“ უპასუხებდა შეთქმულების თეორიით „გლობალური ომის პარტიაზე“, რაც ბოლო პერიოდში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მოახლოებასთან ერთად, ტერმინ „დიპ სტეიტით“ შეცვალა.

ლიდერებს, ვინც კობახიძემ ჩამოთვალა, - გარდა ვუჩიჩისა, - თავიანთ ოფიციალურ გვერდებზე ამ დროისათვის [თბილისის დროით 16 მაისი, 22:00 საათი] არ განუთავსებიათ მასთან შეხვედრის შესახებ ცნობები ან ფოტოები.

ვუჩიჩმა კი დაწერა, რომ „სერბეთსა და საქართველოს მსგავსი გამოცდილება და მიმდინარე პოლიტიკური გამოწვევების საერთო გაგება აქვთ“.

ტრადიციული გზავნილები

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-ცენტრის ცნობით, მრგვალ მაგიდაზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ ყურადღება გაამახვილა „ძლიერი ევროპის მნიშვნელობაზე ძლიერი მსოფლიოსთვის“ და „ბოლოდროინდელ ტენდენციებს შემაშფოთებელი უწოდა“.

ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ევროპული სახელმწიფოები და თქვა, რომ მათი დიდი ნაწილი „იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას“ და ევროპა „კარგავს ძალას, იყოს ძლიერი მოთამაშე და დაიცვას პარტნიორები“.

„ამ კონტექსტში პრემიერმა უკრაინის მაგალითზე ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში სხვა ქვეყნებს დაცვის გარანტია ვერ ექნებათ“, - ვკითხულობთ პრესრელიზში.

კობახიძემ, მისი ადმინისტრაციის ცნობით, ისაუბრა „საქართველოს მიღწევებზე“, - რა არის ეს მიღწევები, ამჯერად პრესრელიზში არ დაუზუსტებიათ, - და კვლავ ისაუბრა „ქვეყნისადმი უსამართლო დამოკიდებულებზე“ და ამ დამოკიდებულებების „შეცვლის აუცილებლობაზე“.

საქართველოში კი 170-ე დღეა, საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება - მიზეზი ირაკლი კობახიძის გამოცხადებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ მთავრობა „2028 წლამდე“ არ გეგმავს, დღის წესრიგში დააყენოს ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, - იმ დროს, როდესაც ალიანსი აღმოსავლეთით გაფართოებისადმი ღიაობას გამოხატავს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ 9 მაისს განაცხადა, რომ საქართველომ, შესაძლოა, „დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“ და ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავს რაიმე პროგრესსა და სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს წევრი ქვეყანა.

წყარო: რადიო თავისუფლება