საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები არ გაზრდილა. 

2025 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორში მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება.

როგორც ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, აქტიურობას სტუმარმასპინძლობის სექტორი ძირითადად ისრაელიდან და გალფიდ ქვეყნებიდან ელოდება. 

„სიტუაცია გამოსწორებისკენ მიდის და მოლოდინები გვაქვს, რომ წესით, ცუდი სეზონი არ უნდა გვქონდეს. იქნებ, როგორმე დავაბალანსოთ, ის ჩავარდა, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა, ვგულისხმობ ნოემბრის, დეკემბრის, იანვარის და მარტის თვეებს.

აპრილიდან გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ძირითადი აქტიურობა მაინც ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან არის, ჩინეთიდანაც მზარდია მოთხოვნა. დასავლეთ ევროპიდან ტურისტების კლება შეინიშნება“,- აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.