საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის დელეგაციას უმასპინძლა - ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

„ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების, საზედამხედველო პოლიტიკის,  საბანკო ზედამხედველობის, ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის, ასევე, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს.

ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის დელეგაციის წევრებს რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს, ასევე განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკში დანერგილი რისკის ლიმიტების კონტროლის ავტომატიზაციის და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი სისტემების პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობები.

აღინიშნა, რომ შეხვედრები ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პარტნიორობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ორივე მხარის მიერ რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის მექანიზმების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მსგავსი სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის და უზრუნველყოფს რეგიონული კავშირების გაძლიერებას ფინანსური სტაბილურობის სფეროში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.