„ადამიანები მიისწრაფვიან იქ, სადაც დახარჯული დროის ერთეულში შეუძლიათ მიიღონ მეტი შემოსავალი და უკეთ უზრუნველყონ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება - დედაქალაქი ამ მხრივ საინტერესო პოლიგონს წარმოადგენს,” - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის მესამედზე მეტი დედაქალაქში ცხოვრობს.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის თითქმის 35% თბილისში ცხოვრობს. კერძოდ, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა 3 704 500-ს შეადგენდა, აქედან კი 1 282 600 პირი სწორედ თბილისში ცხოვრობდა.
საჭიროების მეტად დაკმაყოფილებისა და შემოსავლების მიღების კუთხით, თბილისი საქართველოს სხვა ურბანულ ცენტრებთან შედარებით, ეკონომიკურად მიმზიდველია, თუმცა, სტატისტიკოსის განმარტებით, აღნიშნული იწვევს ქალაქის გადატვირთულობას.
„ის ტრივიალური ფრაზა, რომ ჩვენ გვიწევს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ცხოვრება, ღრმა შინაარსის მატარებელია და აღნიშნული ვითარება განსაზღვრავს ადამიანთა ქცევის მოტივაციას და სტიმულებს. ადამიანები მიისწრაფვიან იქ, სადაც დახარჯული დროის ერთეულში შეუძლიათ მიიღონ მეტი შემოსავალი და უკეთ უზრუნველყონ საკუთარი მიმდინარე და სამომავლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. დედაქალაქი ამ მხრივ წარმოადგენს საინტერესო პოლიგონს - სარკასტული შედარება გამოდის, მაგრამ როდესაც ამერიკაში დაიწყო ოქროს ციებ-ცხელება და ამოაჩინეს ოქროს საბადოები, სხვადასხვა ტერიტორიებიდან დაიძრნენ ადამიანები თავისი ბედის საძიებლად.
თბილისში, სადაც მთლიანი მოსახლეობის თითქმის 35% ცხოვრობს, იქმნება საქართველოს ეროვნული პროდუქტის ნახევარზე მეტი და ბიზნეს აქტიურობის ხარჯზე წარმოებული პროდუქციისა და ბიზნესის ბრუნვის, თითქმის, 2/3-ია აქ. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისი ეკონომიკურად მიმზიდველ სივრცეს წარმოადგენს, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარეც. კერძოდ, ეს იწვევს დედაქალაქის გადატვირთვას, ყველა ვგრძნობთ ქალაქში არსებულ სატრანსპორტო კოლაფსს, დახარჯულ დროს, ენერგიას და აქედან გამოწვეულ სხვადასხვა ფორმის დანაკარგებს, ემოციურიდან დაწყებული ჯანმრთელობით დამთავრებული“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს რეგიონების უდიდეს ნაწილში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, თბილისში კი იზრდება. ამასთანავე, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - 61.5% ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს - ამჟამად სასოფლო დასახლებებში 1 424 800 ადამიანი ფიქსირდება, ქალაქის ტიპის ადგილებში კი 2 279 700 პირი.
სტატისტიკოსი აღნიშნავს, რომ ადამიანების ნაწილი უკეთესი ცხოვრებისა და შემოსავლების საძიებლად ურბანული ცენტრებისკენ მიისწრაფვის, რითაც შეიძლება აიხსნას არსებული მონაცემები. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სასურველი აქაც ვერ ნახეს, ქვეყანას ტოვებენ.
„ცალკე პრობლემური საკითხია ის, რომ ადამიანთა ნაწილი, რომელიც დედაქალაქში ვერ ახერხებს საქმიანობის დაწყებას, შემდეგ მიდის უცხოეთში. ფაქტობრივად, გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ სოფლის ტიპის დასახლებებიდან მოქალაქეები ან მიდიან დიდ ურბანულ ცენტრებში, დედაქალაქში ან უცხოეთში. შედეგად, საქართველოს დემოგრაფიული რესურსები ეკონომიკური მოტივაციის სტიმულირების ირაციონალური გადანაწილების გამო ზარალდება. თანაც ქვეყნიდან გასულების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და მათი საშუალო ასაკი 7-8 წლით უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის მედიანური ასაკი. ქვეყნიდან მიდიან ყველაზე შრომისუნარიანი, ეკონომიკურად აქტიური და რეპროდუქციულ ასაკში მყოფი პირები. გასულთა შორის დიდი ნაწილი - 60%-ზე მეტი მანდილოსანია, მათ შორის კი უმეტესი მათგანი - თითქმის 70% არის რეპროდუქციული ასაკის. ფაქტობრივად, ნაწილობრივი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება საქართველოს მოსახლეობის სტრატეგიული გამრავლება, არის ის რომ საქართველოში ძალზე შემცირებული გვყავს რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალაქების რაოდენობა.
გარდა ამისა, შობადობის კლებას განსაზღვრავს ეკონომიკური პირობები - ზოგიერთი თავს იკავებს ოჯახის შექმნისგან. დაქორწინების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად მოიმატა 90-იან წლებთან შედარებით. საქართველოში მოსახლეობის მატების ნაცვლად ბოლო 4 წელია განვიცდით ბუნებრივი მატების კლებას, ანუ გარდაცვალება მეტია, შობადობის მაჩვენებელზე, პლუს ამას ემატება მიგრაციის სალდო - დამწვარზე მდუღარე დაასხესო რომ იტყვიან, ისეთი ვითარება გვაქვს ამ საკითხში“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
რაც შეეხება მოსახლეობის გადანაწილებას, სტატისტიკოსი აღნიშნავს, რომ რაოდენობა ოპტიმალურად რომ იყოს განაწილებული, საქართველოს მსგავსი ქვეყნის დედაქალაქში საშუალოდ მთლიანი მოსახლეობის 25% უნდა ცხოვრობდეს, ეს კი მაშინ, როცა ამჟამინდელი მაჩვენებელი 35%-ს უტოლდება.
„ჩვენი ტიპის სივრცისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, თბილისში მცხოვრებთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი მოსახლეობის მეოთხედს - ეს იქნებოდა ოპტიმალური. სხვა ქალაქებში კი მოსახლეობის გადანაწილება უნდა იყოს შემდეგი: სიდიდით ყოველ მომდევნო ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა წინა ქალაქის ნახევარი მაინც უნდა იყოს. ჩვენთან ყველაზე დიდი ქალაქი არის თბილისი, 1.2 მლნ მცხოვრებია, ამასთან შედარებით ბათუმის მოსახლეობას დაახლოებით 186 ათასის ფარგლებშია - ეს ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის მოსახლეობის ხარჯზე საქართველოს მოსახლეობის განაწილება არათანაბარია და დამახინჯებულ ფორმას იღებს“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.