“ზაფხულის ღამის ჯაზი”-  3 დღიანი ფესტივალია, რომელიც უკვე მეექვსე წელია ტარდება თბილისში, ისტორიულ “არტოს ბაღში”. ღონისძიებაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ, როგორც დამწყები, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები.

“ფესტივალის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც ქართველი ხელოვანები ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ. “ზაზანოვაში”, რომელიც ქართველი მუსიკოსებისთვის სახლივითაა, ერთად ვისხედით და ვფიქრობდით რა შეიძლება გაგვეკეთებინა ასეთ რთულ სიტუაციაში.  უცებ გაჩნდა იდეა. 2020 წელს შედგა პირველი ფესტივალი და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ უკვე მეექვსედ ვატარებთ.”- მარიამ სალუქვაძე,  იდეის ავტორი და ორგანიზატორი.

 ფესტივალის მასშტაბი წლიდან წლამდე იზრდება. ღონისძიებაში მონაწილეთა რიცხვიც ყოველწლიურად ზრდადია. “ წელს გვაქვს რეკორდი, 120-მდე მუსიკოსი არის წარმოდგენილი ფესტივალზე. ამ ღონისძიების ნიშა ისაა, რომ მონაწილეობენ, როგორც საქვეყნოდ და მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ვირტუოზები.”

 ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება მხატვართა ნამუშევრების, ხელნაკეთი აქსესუარების და რარიტეტული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 ფესტივალის ორგანიზატორია მუსიკოსთა კავშირი ZMG-ART. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, ხოლო უცვლელი პარტნიორია IPOA.

 მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 103, არტოს ბაღი.