საომარი დაპირისპირებისა და სანქციების ამოქმედების კვალდაკვალ – 2022 წელს საქართველოზე გამავალი საავტომობილო სატრანზიტო დერეფნით, სატვირთო ავტოტრანსორტის რაოდენობის 1.5-ჯერ ზრდა უდაოდ დადებით ტენდენციად უნდა მივიჩნიოთ, - ამის შესახებ TCRC-ს ანალიზშია ნათქვამი.

TCRC-ში აღნიშნავენ, რომ მომდევნო 2023 და 2024 წლებში ქვეყნის საავტომობილო გზებზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის ზრდის ტენდენცია არ შეინიშნებოდა, უფრო მეტიც, 2025 წელს მოსალოდნელია 10 % ით შემცირება.

„ქვეყნის საერთო სატრანზიტო ქსელზე სატვირთო ტრანსპორტის შემცირების საპირისპიროდ, რუსეთთან დამაკავშირებელ ყაზბეგი / ზემო ლარის სასაზღვრო გამშვებ პუნქტის გავლით სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა მკვეთრად იზრდება.

სადღეისოდ საქართველოს ავტომაგისტრალებზე სატვირთო ტრანსპორტის თითქმის ნახევარი საქართველო – რუსეთის ყაზბეგის / ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გამოყენებით მოძრაობს.  

ბუნებრივია იბადება კითხვა, რეგიონში საომარი დაპირისპირებები და დაწესებული სანქციები, როგორ აისახა საქართველოს საავტომობილო გზებზე სატრანზიტო სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე? იზრდება თუ არა ქვეყნის საავტომობილო მაგისტრალებზე სატვირთო ტრანსპორტის რაოდენობა?

იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ კითხვას იზრდება თუ არა ტრანზიტის რეჟიმში მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპოტის რაოდენობა, გაანალიზირებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის ვებ გვერდზე გზით სარგებლობიდან ბიუჯეტში შესული ფინანსური მაჩვენებლები.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით (იხ. დიაგრამები), საქართველოს საავტომობილო გზებზე, სატვირთო ტრანსპორტის რაოდენობა, 2020 და 2021 წლებში საომარ დაპირისპირებამდე, სტაბილურად წლიურად 320 000 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას შეადგენდა, რაც თვეში საშუალოდ 27 000 ტრანზიტული ე.წ. ტრაილერია.

საომარი დაპირისპირების და სანქიების ამოქმედების შედეგად, (დიაგრამაზე წითელი ხაზითაა მონიშნული) საავტომობილო ტვირთებმა მოკლე დროში საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართულებით დაიწყეს გადმორთვა.

შედეგობრივად საქართველოს სააავტომობილო გზებზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდებობა, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით – 1.5 ჯერგაიზარდა.

თუ 2021 წელს ქვეყნის სატრანზიტო მაგისტრალებით 332 100 ერთეულმა სატვირთო ავტოტრანსპორმა გაიარა, 2022 წელს 496 300 ერთეულს მიაღწია.

ანალოგიურად გაიზარდა, საშუალოდ თვიურ ჭრილში, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მაგალითისათვის 2021 წელს თვიურად 27 700 ერთეული მოძრაობდა 2022 წელს – საშუალოდ 41 350 ერთეული შეადგინა.

მოსალოდნელი იყო, რომ სატვირთო ტრანსპორტით გადაზიდვების ზრდის ტემპი მომდევნო წლებშიც შენარჩუნდებოდა, მიუხედავად მოლოდინისა, 2023 და 2024 წლებში ზრდის დინამიკა პრაქტიკულად არ შეინიშნება, 2023 წელი – 514 300 ერთეული, 2024 წელი – 513 600 ერთეული.

უფრო მეტიც 2025 წლის 5 თვეში საქართველოს საავტომობილო გზებით, მხოლოდ 197 600 ერთეულმა სატვირთო ტრანსპორტმა გაიარა, რაც წლიურ ჭრილში წინა წლებთან შედარებით 10 % კლებას შეესაბამება.

ერთიან სატრანზიტო ქსელზე საავტომობილო გადაზიდვების კლების ტენდენციის საპირისპიროდ, რუსეთის მიმართულებით სატვირთო ტრანსპორტის ინტენსიური ზრდა ფიქსირდება (იხ.დიაგრამა), კერძოდ 2024 წელს ყაზბეგი / ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე 214 700 ე.წ.  ტრაილერმა გაიარა, რაც ქვეყნის მთლიან ქსელზე გადაზიდვების 42% ს შეადგენს.

ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოსული და გასული სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობას, 2022 წლიდან დაწყებული მომდევნო წლებში მზარდი დინამიკა გააჩნია და 2025 წელს ეს მაჩვენებელი 48% ს მიაღწევს, რაც იმის მანიშნებულია, რომ საერთო ტრანზიტის თითქმის ნახევარი საქართველო – რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით მოძრაობს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

TCRC-ში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტენდენცია ნათლად მიუთითებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის ზრდა, ძირითადად რუსეთის მიმართულებითაა განპირობებული.