„ჩვენს სფეროში ჯერ კიდევ მოქმედებს და გავლენას ახდენს მუშაობის საბჭოთა სტილი, მოდელი და სტანდარტები. ცხადია, დანერგილია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებიც და ისინიც მოქმედია, თუმცა ვითარება ამ მხრივ საგრძნობლად დასაბალანსებელია“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გიორგობიანი.
გიორგობიანი საუბრობს იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურის შენების მიმართულებით მთავარ შემაფერხებელ ფაქტორებს განაპირობებს.
„არსებული საკონტრაქტო მოცემულობის პირობებში, პროექტის ინიცირებიდან ტენდერამდე და სამუშაო პროცესისას დაშვებული შეცდომა თუ ხარვეზი მხოლოდ შემსრულებლის პასუხისმგებლობა ხდება, რაც ცალსახად არასამართლიანია. როდესაც საუბარია ხარისხიანი და მაღალი დონის ინფრასტრუქტურის ჩაბარებაზე, თავის მხრივ, კონტრაქტებისა და ასეთი დეტალების მოწესრიგებაც აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია და ხაზს გავუსვამდი ხარჯთაღრიცხვის შედგენის პრობლემას, რისკების სამართლიანად გადანაწილების ფაქტორსა და უფლება-მოვალეობების ნაწილის მოწესრიგებას.
როგორც ხედავთ, სხვადასხვა საკვანძო საკითხებში დაუბალანსებლობა საქმის აღების საწყისი ეტაპიდანვე იწყება, გამოსავალი კი ისაა, რომ პროექტების მომზადების ხარისხი უნდა გაიზარდოს, რაც პირდაპირ აისახება როგორც შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და შედეგზე, ასევე ჩაბარების ვადებზე. ცხადია, მაღალ ხარისხში შედგენილი, შესრულებული და ჩაბარებული პროექტი უფრო მაღალი ღირებულებისაც იქნება“.
კითხვაზე, თუ რა განაპირობებს იმას, რომ მსხვილ ტენდერებში ძირითადად უცხოური კომპანიები იმარჯვებენ, გიორგობიანი აცხადებს:
„მოგეხსენებათ, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებს შესაბამისი შესრულების პროცედურები და დათქმები აქვს, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების ამავე სპეციფიკაციებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. უცხოელების დათქმებში კვალიფიკაციას, სამუშაოს შესრულების დონესა და სხვა მსგავს მახასიათებლებს მკაცრი ხაზგასმა აქვს, რისი დაკმაყოფილებაც ქართულ კომპანიებს უჭირთ. ამ კუთხით აღვნიშნავდი, რომ არსებობს Local Company Preference-ის განსაზღვრება, რომელიც ადგილობრივი კომპანიის უპირატესობაზე პედალირებს და მათი განვითარებისკენ არის მომართული. მაგალითად: თუ არ ვცდები, აზიის განვითარების ბანკს აქვს ასეთი მიდგომა, რომ საქართველოში ადგილობრივ კომპანიებს 7%-იანი უპირატესობა მიენიჭოთ, რაც ნიშნავს, რომ თუკი უცხოური კომპანია 100 ლარს დადებს და ადგილობრივი - 107-ს, გამარჯვებულად ქართული კომპანია გამოცხადდება. პარალელი რომ გავავლოთ, თურქეთში ეს მარჟა 15%-იანია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ქართული კომპანიების დონის ასამაღლებლად კარგი მეთოდია, რათა ისინი საერთაშორისო პროექტებში უფრო აქტიურად და კონკურენტუნარიანად შევიდნენ.
უშუალოდ საქმის შესრულების ნაწილში, ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ნებით თუ უნებლიედ, ჯერ კიდევ მოქმედებს და გავლენას ახდენს მუშაობის საბჭოთა სტილი, მოდელი და სტანდარტები. ცხადია, დანერგილია საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებიც და ისინიც მოქმედია, თუმცა ვითარება ამ მხრივ საგრძნობლად დასაბალანსებელია. ყველა ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ერთ და ორ დღეში ვერ შეიცვლება და დრო სჭირდება. გამოსავალი ნათელია - სწავლასთან, განათლებასთან და ცოდნის მიღება-გაზიარებასთან ერთად, შეგვიძლია, შემდეგ დონეზე გადავიდეთ“, - აღნიშნა გიორგობიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“.