საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანისთან შეხვედრისას, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის კატარში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კატარის პრემიერ-მინისტრთან - საუბარი შეეხო საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის ტურისტული, სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს. ზოგადად კატარი და მისი ხელისუფლება ძალიან დადებითად არის საქართველოს  მიმართ განწყობილი. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მაღალ დონეზე შედგება ორმხრივი ვიზიტები როგორც კატარიდან, ისე საქართველოდან და ეს  კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი ამირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის პატრონაჟითა და Bloomberg-ის მხარდაჭერით იმართება და მასში 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი მონაწილეობს როგორ ყურის ქვეყნებიდან, ისე მთელი მსოფლიოდან.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილთან ერთად ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან. მისი ინფორმაციით, საუბარი შეეხო სხვადასხვა სექტორული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას როგორც კატართან, ყურის სხვა ქვეყნებთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს მთავრობებს შორის 2022 წლიდან მოქმედებს შეთანხმება ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ, რომელიც დამატებით ინიციატივებს ქმნის საინვესტიციო ნაკადების შემდგომი ხელშეწყობისთვის.  კიდევ ერთი შეთანხმება კი ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური და საინვესტიციო კუთხით თანამშრომლობა. კატარი ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება გახდეს საქართველოსთვის - 2024 წელს კატარიდან ინვესტიციებმა დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ჩვენი მოლოდინით, ინვესტიციების მოცულობა მომავალში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრ ფაისალ ალ იბრაჰიმთან. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამისთვის უკვე შექმნილია ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმალური პლატფორმა, სადაც მონაწილეობენ ბიზნესმენები  საქართველოდან და საუდის არაბეთიდან.

„ამ საკითხს მონიტორინგს უწევენ როგორც საქართველოს, ისე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე ჩართულები ვართ ეკონომიკის სამინისტროები ორივე მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა შეიძლება ძალიან ქმედითი ინსტრუმენტი გახდეს მომავალში როგორც საინვესტიციო, ისე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ხვალ შეხვედრას გამართავს კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ თანისთან.  შეხვედრისას დაგეგმილია მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხების განხილვა, მათ შორის საუბარი შეეხება საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობას.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს