დასავლეთ საქართველოში თხილის ხმობის პროცესი გრძელდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ლაბორატორიული კვლევებით დადგენილია, რომ თხილის ხმობა გამოწვეულია 3 დაავადებით: ბაქტერიული სიდამწვრე (Xanthomonas arboricola), ბაქტერიული კიბო (Pseudomonas avellanae) და ბაქტერიული სიდამწვრე Pseudomonas.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განაცხადა, დაზიანებული ბაღების მასშტაბი უკვე დაახლოებით, 7000 ჰექტარს გასცდა.
„პრობლემის მიზეზი ბაქტერიული დაავადება ფსევდომონაა, რომელიც დაახლოებით 4 წლის წინ გავრცელდა და მოედო ბაღებს. ინტენსიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრთან ერთად, ჩამოვიყვანეთ თურქი, იტალიელი აგრონომები, ჩავატარეთ მინიმუმ 10 ლაბორატორიული კვლევა.
როგორც კი პრობლემა გაჩნდა, იმ დღიდანვე დავიწყეთ მასზე ზრუნვა. პრობლემა იმაშია, რომ ის კომპლექსურია და ძნელია საწყისი მიზეზის იდენტიფიცირება. საბოლოოდ, შედეგზე გავედით, რაც დამაიმედებელია, მაგრამ პრობლემა არის მასშტაბური, დაახლოებით 7 000 ჰექტარს გასცდა დაზიანებული ბაღების მასშტაბი, რაც ქვეყნის მასშტაბით არსებულის დაახლოებით, 10%-ია. პირადად ჩემი ბაღის ნახევარი არის გამხმარი.
დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება და არსებობს რამდენიმე ქმედება, რომელიც ფერმერმა ასეთ დროს არ უნდა გააკეთოს: ესენია ბაღის გასხვლა და ნიადაგის დამუშავება. აუცილებელია დაავადებული ხეების მოშორება ბაღიდან და ისე გატანა, რომ სხვა ხეებთან კავშირში არ იყოს, თუმცა ბაღის დამუშავება აუცილებელია სპილენძით წელიწადში 3-4-ჯერ მაინც, რაც ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული,“ - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.