გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
 
„იტალიაში, ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ასევე დაგეგმილია დავით სონღულაშვილის  შეხვედრა  FAO-ს გენერალურ დირექტორთან კუ დონჟუსთან.  

კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც FAO-ს წევრი ქვეყნების მინისტრებს და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს აქვთ შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები დარგში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილონ თანამშრომლობის გზები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში არსებული სირთულეების გადასალახად.

44-ე კონფერენციაზე, რომელსაც ფაოს წევრი ყველა ქვეყნის (194)  წარმომადგენელი და 50-მდე მინისტრი  დაესწრება, მთავარი თემა  - აგრო სასურსათო სისტემების არსებული  მდგომარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვა  იქნება. ასევე გაიმართება თემატური პანელები.  

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე გაემგზავრა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.