საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ევროკავშირი და სომხეთი არასოდეს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა".

მან აღნიშნა სომხეთში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წარმატება და განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის სომხეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გააღრმავოს.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა" - თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარარატ მირზოიანმა კალასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"ეს ამბიციური დოკუმენტი შეავსებს და გააღრმავებს სომხეთ-ევროკავშირის ორმხრივ დღის წესრიგს ახალი თანამშრომლობის მიმართულებების დამატებით. ამასთანავე, ის ხელს შეუწყობს სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას" - დაამატა მირზოიანმა.

ფინანსური დახმარების ფარგლებში, კალასმა სომხეთის "მდგრადობისა და განვითარების გეგმა" გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი სომხეთს 270 მილიონ ევროს გადასცემს.

"ევროკავშირი სომხეთს 2024-2027 წლების განმავლობაში 270 მილიონი ევროს მოცულობის "მდგრადობისა და განვითარების გეგმას" გამოუყოფს.

ეს გეგმა უზრუნველყოფს მხარდაჭერას ბიზნესისთვის, აუმჯობესებს კავშირებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის და ხელს უწყობს რეფორმების გატარებას" - თქვა კალასმა

ასევე კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები "მხოლოდ ეკონომიკას არ მოიცავს. ჩვენ ასევე ვთავაზობთ ფინანსურ, საცხოვრებელ და ფსიქოსოციალურ დახმარებას მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ ყარაბაღელ სომხებს".

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებისა და სომხეთ-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის დიალოგის მნიშვნელობას.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კომისიამ მიიღო წინადადება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ. როგორც კი ყველა პირობა შესრულდება და პროცესი დასრულდება, ეს კიდევ უფრო დააახლოებს სომხეთს და დანარჩენ ევროპას" - თქვა მან.

გარდა ამისა, კალასმა განაცხადა, რომ მახრეებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კრიზისების მართვის შესახებ, რაც სომხეთს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

წყარო: ტაბულა