საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-მდე გაზარდა, აქამდე სებ-ი წელს ქვეყანაში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა.

„საქართველოში, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება. თუმცა ამასთან, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეს კი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.

გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის, ადგილობრივი ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით შემუშავებული სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ცენტრალურ სცენარში, წინა სცენართან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი, მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის, 5 პროცენტის, ფარგლებში დასტაბილურება,“- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.