მაისიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, გასულ თვეში ექსპორტზე 201 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც წლიურად 35%-ით შემცირებული მაჩვენებელია. 2025 წლის მაისშიც, წინა წლების მსგავსად, ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო.
სპეციალისტები ექსპორტის კლებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, ერთი, რომ მეტალურგიული სექტორის კრიზისის ფონზე მოთხოვნა ელექტროენერგიაზე თურქეთშიც შემცირდა, ასევე მეზობელმა სახელმწიფომ ბოლო პერიოდში გაზარდა გენერაციის სიმძლავრეები და გაცილებით ნაკლები ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.
"თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორის თქმით, იმის გამო, რომ მთავარ საექსპორტო ბაზარზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა, საქართველოში გენერაციის ობიექტებს მაისში წყლის დაღვრა და გენერაციის შეზღუდვა მოუწიათ. მერაბ ლომინაძე იმედოვნებს, რომ სიტუაცია ივნის-ივლისში გაცილებით გაუმჯობესდება.
“წლევანდელი წელი ბერად არაფრით არის განსხვავებული შარშანდელი წლისგან, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ თურქულ და სომხურ მხარეს იმ მოცულობით და იმ რაოდენობით აღარ სჭირდებოდათ წელს ელექტროენერგია როგორც შარშან, სამწუხაროდ ჩვენს გენერაციის ობიექტებს მოუწიათ წყლის დაღვრა და გენერაციის შეზღუდვა მაისის თვეში. მე იმედი მაქვს, რომ ეს აღარ განმეორდება ივნისში, ყოველ შემთხვევაში ახლა არ გვაქვს ეს მონაცემები და ივნისში სრულად მოვახდენთ იმ რესურსის ათვისებას, რომელსაც წყლის რესურსი ჰქვია ელექტროგენერაციის თვალსაზრისით”,-აცხადებს მერაბ ლომინაძე.
არსებული მონაცემებით, ივნისში უკვე ექსპორტირებულია დაახლოებით 350-400 მლნ. კვტ. სთ. ელექტროენერგია.
რაც შეეხება ელექტროენერგიის საექსპორტო ფასს, რაც მაისში თურქეთის ბაზარზე 4,6 ცენტს შეადგენდა, ლომინაძის აზრით, ეს ფასი ივნისში მცირედით გაუმჯობესებულია.
"თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
“იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ სახდელებს, რომელიც გენერაციის ობიექტებს, თუ ტრეიდერებს უწევთ გადაიხადონ ექსპორტის დროს, ის ფასი, რომელსაც იღებს ელექტროსადგური საქართველოში პრაქტიკულად იდენტურია ადგილობრივ ბაზარზე გაყიდულ დენისა, უბრალოდ განსხვავება გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსად თურქეთისა, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე გვაქვს ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება, ეს ზრდა მოდის მთლიანად მოსახლეობაზე, შესაბამისად ჰიდროელექტროსადგურები მოკლებული არიან შესაძლებლობას პირდაპირ მომხმარებლებზე უზრუნველყონ ამ ელექტროენერგიის რეალიზაცია.
აქედან გამომდინარე, ქვეყანამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ადგილობრივი მოთხოვნა იყოს მდგრადი, კვალიფიციურ მომხმარებლების რაოდენობა იყოს მზარდი ქვეყანაში და ამაზე გაკეთდეს აქცენტი და არა ისეთ ფაქტორებზე, სადაც ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რაიმე ზეგავლენა ვიქონიოთ პროცესებზე”,-აცხადებს bm.ge-სთან ინტერვიუში მერაბ ლომინაძე.