ივლისში ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები უცვლელია, სამწლიან პერიოდზე შემცირებულია - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ივლისის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნული.
„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები თითქმის უცვლელად ნარჩუნდება. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების უცვლელობასა და 6%-8%-იან ინტერვალში მატებას ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-2%-ის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას შედარებით მაღალ 6-8%-სა და 8%- ზე მეტ ინტერვალში ფიქრობენ. ამავდროულად, ივნისთან შედარებით, მოიმატა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6% ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. შემცირებულია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 2%-4%-ის ფარგლებში ვარაუდობენ. თუმცა, ივლისში ივნისთან შედარებით მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 0-2%, 6%-8%-სა და 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20% და 20%-30% ინტერვალში მოელიან. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10% ფარგლებში მოიაზრებენ.
გამოკითხულთა აზრით, ივლისში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ივნისთან შედარებით შემცირებულია“, - ნათქვამია გამოკითხვის შედეგებში.