,,როგორც აპრილში, ასევე მაისში ეროვნული ბანკის ინტერვენციები კიდევ უფრო მასშტაბურია“,- აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" მაკროეკონომიკურ განახლებაში.
მათივე ინფორმაციით, შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება ლარის სასარგებლოდ მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია. "თიბისი კაპიტალში" აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს, სავალუტო რეზერვების მოცულობითი შევსების საშუალება აქვს.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით, ბოლო კვირების განმავლობაში ლარის კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვანწილად უცხოურ ვალუტაზე შემცირებული მოთხოვნითა და გაზრდილი მიწოდებითაა განპირობებული.
როგორც გოცირიძე "კომერსანტთან" ამბობს, ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო რეზერვების შევსება, ძალიან ფრთხილი პროცესი უნდა იყოს, რადგან დოლარის მასშტაბური შესყიდვა ლარის რაოდენობის ზრდას ნიშნავს, რაც ინფლაციური ზეწოლის რისკს აჩენს.
„როდესაც ვალუტის მიწოდება იზრდება, ხოლო მოთხოვნა ვალუტაზე მცირდება, ბუნებრივია, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, რომ რეზერვების შესავსებად უცხოური ვალუტა შეისყიდოს, თუმცა, ზედმეტი არ უნდა მოუვიდეს, რადგან დოლარის შესყიდვა ლარის მიმოქცევაში გაშვებას ნიშნავს, ანუ ლარის მასის ზრდას. თუ ეროვნული ბანკი 300 მილიონის დოლარს იყიდის, ეს დაახლოებით 900 მილიონი ლარის მიმოქცევაში გაშვებას ნიშნავს, რაც შემდეგ ფასების ზრდის რისკს ქმნის. ეროვნულმა ბანკმა აზარტულობა არ უნდა გამოიჩინოს, ის, რომ მან თითქმის 800 მილიონი დოლარი დაკარგა წინასაარჩევნოდ ლარის კურსის ხელოვნურად ფიქსაციის გამო, მისი კომპენსირება ფორსირებულად არ უნდა მოახდინოს, რადგან ეს სეზონური ფაქტორების გავლენაა და სებ-ს წლის მეორე ნახევარში უცხოური ვალუტის გაყიდვა აუცილებლად მოუწევს. ლარის კურსის სტაბილურობა სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შემცირებულია, ხოლო მიწოდება- გაზრდილი“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.