თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, თხილის ბუჩქების უეცარი ხმობის პრობლემამ პიკს მიაღწია და ზოგიერთ ბაღში ხმობის კოეფიციენტი 50%-საც აღწევს. გაერთიანება ფერმერებს მიმართავს და ხმობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.

"ორი წელია თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად ვცდილობთ მიზეზის იდენტიფიცირებას და პრევენციის გზების პოვნას. პროცესში ჩართულები არიან იტალიელი და თურქი მეცნიერებიც. სამწუხაროდ კონკრეტული მიზეზის იდენტიფიცირება მაინც ვერ მოხერხდა, თუმცა ამ მომენტისათვის ჩვენი საერთო ფოკუსი “ქსანტომონას” ბაქტერიაა", - აცხადებენ ასოციაციაში.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა გვეუბნება, რომ ჯერჯერობით ზარალის მოცულობაზე ზუსტად ვერ ისაუბრებენ, თუმცა პრობლემა ყველაზე მძიმე სამეგრელოს რეგიონშია.

"თხილის ნერგების ხმობასთან დაკავშირებით ვითარება ნელ-ნელა რთულდება და ყოველწლიურად უარესი შედეგი გვაქვს. თავიდან დაიწყო უცხოურ ჯიშებზე, შემდგომ გადავიდა ჩვენს ადგილობრივ ქართულ ჯიშებზეც. ორი წლის წინ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ჩამოვიყვანეთ თურქი მკვლევრები, შარშან კი იტალიელი მეცნიერები, პროცესში ჩართული არიან ქართველი მეცნიერებიც. ლაბორატორიები იკვლევენ საკითხს, მაგრამ ძალიან კომპლექსური პრობლემაა. დაავადების პირველი ნიშნიდან დაახლოებით 10 დღეში მცენარე მთლიანად ხმება. ეს ძირითადად ივნისი-ივლისის პერიოდში ხდება. წელს ვითარება გამწვავდა განსაკუთრებით სამეგრელოში," - ამბობს ჭითანავა.

რაც შეეხება თხილის მოსავალს, ასოციაციის ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ წელს შარშანდელთან შედარებით თხილის უფრო დიდ მოსავალს ელიან, ასევე პოზიტიური მოლოდინია ფასთან დაკავშირებითაც.

"მოსავლის მოლოდინი წელს ძალიან კარგი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნალექიანი სეზონი გვქონდა. რაოდენობრივად ვფიქრობ, მოსავალი შარშანდელზე მეტია. ახლანდელი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 7-10%-ით მეტი იქნება, რაც ნიშნავს, რომ წელს თხილის მოსავალი 50 ათას ტონამდე გაიზრდება. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს თხილის მოსავალი და თხილის რეალიზაციაც შარშანდელზე უფრო მაღალი ფასით დაიწყება, იმიტომ რომ ფასის მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ კარგი ტენდენციაა. ამიტომ 2025 წლის მოსავალთან დაკავშირებით იმედიანად ვართ", - ამბობს ჭითანავა.

bm.ge