Companies Market Cap-ის მიხედვით, 2025 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია საერთო ჯამში დაახლოებით $24.4 ტრილიონს შეადგენს. სიაში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ლიდერობენ, რომლებიც ინოვაციებითა და ბაზრის მასშტაბური წილით დომინირებას დიდი ხანია, რაც ინარჩუნებენ.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი ჩიპების მწარმოებელ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს, Nvidia-ს ეკუთვნის. კომპანია რეიტინგში $4.313-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით ლიდერობს. Nvidia ჯენსენ ჰუანგმა, კურტის პრიმმა და კრის მალაჩოვსკიმ 1993 წელს, კალიფორნიაში დააფუძნეს.

1995 წლის მაისში Nvidia-მ გამოუშვა NV1 (STG-2000), ერთ-ერთი პირველი 3D ამაჩქარებელი პროცესორი (GPU). 1999 წლის იანვარში კი კომპანია NASDAQ-ს შეუერთდა.

Nvidia-ს სიაში Microsoft-ი და Apple-ი მოჰყვება, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია, შესაბამისად, $3.724 ტრილიონსა და $3.413 ტრილიონს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსს ბოლო პერიოდში, ძირითადად, სწორედ ეს კომპანიები ფლობენ ხოლმე.

ტოპ-10-ში ამერიკის შეერთებული შტატები რვა კომპანიით არის წარმოდგენილი, თითო-თითო წარმომადგენელი კი საუდის არაბეთსა და ტაივანს ჰყავს. ენერგეტიკის სფეროს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, Saudi Aramco, რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.491 ტრილიონს შეადგენს. ჩიპების მწარმოებელი ტაივანური TSMC კი ჩამონათვალში მე-9 ადგილს იკავებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.342 ტრილიონს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ათეულში შემავალი კომპანიებიდან $1-ტრილიონიან ნიშნულს ყველა მათგანის საბაზრო კაპიტალიზაცია აღემატება. ამასთან, მოცემულ ზღვარს ათეულს მიღმა დარჩენილი Berkshire Hathaway-იც კვეთს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.071 ტრილიონია. 

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია (2025 წლის 12 სექტემბერი): 
ადგილი კომპანია საბაზრო კაპიტალიზაცია აქციის ფასი (USD) დღიური ცვლილება ქვეყანა
1 NVIDIA $4.313 ტრილიონი $177.17 +0.08% აშშ
2 Microsoft $3.724 ტრილიონი $501.01 +0.13% აშშ
3 Apple $3.413 ტრილიონი $230.03 +1.43% აშშ
4 Alphabet (Google) $2.909 ტრილიონი $240.78 +0.51% აშშ
5 Amazon $2.452 ტრილიონი $229.95 +0.16% აშშ
6 Meta Platforms (Facebook) $1.886 ტრილიონი $750.90 +0.14% აშშ
7 Broadcom $1.698 ტრილიონი $359.63 +2.69% აშშ
8 Saudi Aramco $1.491 ტრილიონი $6.17 +0.17% საუდის არაბეთი
9 TSMC $1.342 ტრილიონი $258.91 +0.59% ტაივანი
10 Tesla $1.189 ტრილიონი $368.81 +6.04% აშშ

forbes.ge