5 წელზე მეტია, რაც საქართველოში პოლიეთილენის პარკების აკრძალვა მოქმედებს, თუმცა მარკეტებსა თუ აგრარულ ბაზრობებში პოლიეთილენის პარკები მაინც იყიდება.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შეწყდა, 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროიდან კანონის აღსრულებისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ როგორც ბიზნესი, ასევე მაკონტროლებელი ორგანოები. რეგულაციები 2023 წელსაც გაფართოვდა.

კანონის მიხედვით, იმპორტის ნაწილში კონტროლს საზღვარზე შემოსავლების სამსახური, საწარმოებში გარემოს დაცვის სამინისტრო, სავაჭრო ობიექტებში კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. 

სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში, როგორც თბილისშიასევე რეგიონებში შემოწმდა სხვადასხვა სახის პლასტიკის მასალისა და ბიოდეგრადირებადი პარკების გადამამუშავებელი საწარმოებისულ შემოწმებული იქნა 42 საწარმო და ინსპექტირების შედეგად  დაილუქა 2 049 000 ცალი პლასტიკის პარკი.

2020 წლის  ოქტომბრის თვეში შემოწმებული იქნა 5 საწარმო. პლასტიკის პარკების წარმოების ფაქტი დადასტურდა 2 კომპანიაში, რის შედეგადაც დაილუქა 93 450 ერთეული პლასტიკის პარკი და ბიზნესოპერატორების მიმართ შედგენილი იქნა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევაზე.

2021 წლის იანვრის თვეში - შემოწმდა 36 ობიექტი, დაილუქა - 1 400 213 პარკი და 85 კგ რულონი, პარკის ნიშანდებით. (2022-2023 წლის მონაცემები არ იძებნება).

სექტორში აცხადებენ, რომ პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადით სრულად ჩანაცვლებას ხელს რეგლამენტის აღსრულებისა და კონტროლის დაბალი ეფექტურობა უშლის.

„გრინპაკის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერის, სალომე ქარელის თქმით, პოლიეთილენის პარკების ალტერნატივაზე მოთხოვნა შემცირდა. 

„ 2019 წელს, როდესაც ეს რეგლამენტი მიიღეს, საწყის ეტაპზე, მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა პლასტიკის ალტერნატივებზე - ქაღალდის პარკებსა და კომპოსტირებად პარკებზე.  

თუმცა, შემდეგ, ეს ტენდენცია შეიცვალა. რაღაც მიმართულებით, აღსრულების მექანიზმი ისე ეფექტურად არ მუშაობდა. ისევ უპირატესობა მიანიჭეს პლასტიკის პარკებს, ვინაიდან უფრო იაფია და მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველია“.

როგორც მან აღნიშნა, კეთილსინდისიერ კომპანიებს ვინც ბიოდეგრადირებად  და კომპოსტირებად პარკებს აწარმოებენ, არაკონკურენტულ გარემოში უწევთ ყოფნა. ასევე, არსებობს ფალსიფიცირების  შემთხვევებიც.

„აღსრულების მექანიზმში არის მოთხოვნა, რომ პარკებს აუცილებლად სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს, როცა შედის რეალიზაციაში სხვადასხვა ობიექტებში, სხვა შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან. თუმცა, ხშირია ფალსიფიკაციის შემთხვევა (მთლიანად საქართველოს მასშტაბით). 

ეს პრობლემა ჩვენი მხრიდან ბევრჯერ იქნა გაჟღერებული. გავაჟღერეთ  სამინისტროსთანაც, აღსრულების კუთხითაც და ძირითადად იქიდან გვაქვს პასუხი, რომ რთულია საცალო ობიექტებზე გაკონტროლება. განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების დონეებზე, რეგიონებში. შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით ისევ იგივე პოზიციაში ვართ. თუმცა გუშინ სამინისტროსთან შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება აღსრულების მექანიზმები მომავალში.

ასევე, რაც მნიშვნელოვანია, მწარმოებლები, ვინც ბიოდეგრადირებად პარკებს აწარმოებენ, ელოდებიან ქვეყანაში ლაბორატორიის გახსნას, რომელიც დაანონსებულია. სადაც შემოწმდება არის თუ არა პროდუქცია ფალსიფიცირებული“.

ცნობისთვის, „გრინპაკი“ წლიურად 60 მილიონ ქაღალდის პარკს აწარმოებს, რომელთა 80% ქართულ ბაზარზე, 20% კი მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი და სომხეთი) რეალიზდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების იმპორტი 56%-ით გაიზარდა.

2019 წელს საქართველოში $4 189 390-ის ღირებულების 1 950.28 ტონა პოლიეთილენის პარკების იმპორტი განხორციელდა.

2023 წელს კი $6 163 060-ის ღირებულების 3 045.82 ტონა პოლიეთილენის პარკების (ტომრები და პაკეტები საფუთავი, პოლიეთილენისა ან პოლიპროპილენის ზოლებისა ან ანალოგიური ფორმებისაგან) იმპორტი განხორციელდა.

მთავარი იმპორტიორი ქვეყნები ირანი და თურქეთი არიან.

მონაცემები წლების მიხედვით:

2019

$4 189 390-ის ღირებულების 1 950.28 ტონა

2020

$3 463 430-ის ღირებულების 1 732.54 ტონა

2021

$4 534 390-ის ღირებულების 2 074.42 ტონა

2022

$5 465 560-ის ღირებულების 2 549.22 ტონა

2023

$6 163 060-ის ღირებულების 3 045.82 ტონა

რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-თებერვალში ქვეყანაში $1 297 050-ის ღირებულების 631.37 ტონა პოლიეთილენის პარკი შემოვიდა.

TOP 3 იმპორტიორი ქვეყანა შემდეგნაირად გამოიყურება:

ირანი - $809 110-ის ღირებულების 424.64 ტონა

ინდოეთი - $88 220-ის ღირებულების 56.81 ტონა

აზერბაიჯანი - $143 200-ის ღირებულების 49.66 რონა