„არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება მცირედი დახმარებაა ფერმერებისთვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნონ, თუმცა ეს პროგრამა არ უნდა იყოს იმის წამახალისებელი, რომ ფერმერმა აღარ აწარმოოს მაღალი ხარისხის ვაშლი“, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის აგრონომმა ალექსანდრე ღამბაშიძემ „ბიზნესპრენიუსთან“ განაცხადა.
შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება. ვაშლის სუბსიდირებაზე წელს ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება. სუბსიდია გაიცემა კომპანიებზე, რომლებიც თავის მხრივ ფერმერებს 1 კგ. ნაკლოვან ვაშლში მინიმუმ 27 თეთრს გადაუხდიან. ამ 27 თეთრიდან კი სახელმწიფო 10 თეთრს დაასუბსიდირებს.
როგორც ალექსანდრე ღამბაშიძე აღნიშნავს, მთლიანად წარმოებული ვაშლის თითქმის 30% დაბალი ხარისხისაა. ამ ფონზე აგრონომი მიიჩნევს, რომ საჭიროა სუბსიდირების პროგრამის შენარჩუნება.
„მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა აწარმოონ მაღალი ხარისხის ვაშლი, რომელიც არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და საექსპორტო ბაზრებზეც გავა. ეს ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ მიიღონ მაღალი ფასი წარმოებული პროდუქციაზე და უზრუნველყონ მეურნეობის ფინანსური გამართულობა. აღსანიშნავია, რომ პირველი ხარისხის ქართული ვაშლი დიდი მოთხოვნით სარგებლობს საექსპორტო ბაზრებზე.
სერიოზული პრობლემაა ის, რომ იწარმოება დიდი რაოდენობით დაბალი ხარისხის ვაშლი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური ბაღები არის გაშენებული მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. მაგალითად, 2024 წელს კომპანიებმა ჩაიბარეს 45 000 ტონა დაბალი ხარისხის ვაშლი, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სუბსიდირების მექანიზმის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რადგან ფერმერებმა შეძლონ დაბალი ხარისხის ვაშლის ჩაბარებით ფინანსური ზარალის თავიდან არიდება. სუბსიდირება მცირედი დახმარებაა ფერმერებისთვის, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნონ“, - აღნიშნა აგრონომმა.
ამავე დროს, ღამბაშიძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ფერმერები ორიენტირებულები იყვნენ მაღალი ხარისხის ვაშლის წარმოებაზე, რაც ბევრად მეტი შემოსავლის მომტანი იქნება მათთვის, ვიდრე სუბსიდირების პროგრამა.
ინფორმაციისთვის, 1 კგ. მაღალი ხარისხის ვაშლის ფასი 1.5 ლარიდან იწყება, ეს კი მაშინ, როცა დაბალხარისხიანი ვაშლის ჩაბარებით ფერმერი მინიმუმ 27 თეთრს იღებს.
„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია სუბსიდირების პროგრამა, მაგრამ ეს პროგრამა არ უნდა იყოს იმის წამახალისებელი, რომ ფერმერმა აღარ აწარმოოს მაღალი ხარისხის ვაშლი, დატოვოს ბაღები მოუვლელი და აქცენტი გააკეთოს სუბსიდირებაზე. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ მაღალი ხარისხის ვაშლი ვაწარმოოთ და მეტ ფასად გავყიდოთ. დაახლოებით 1.5 ლარიდან იწყება მაღალი ხარისხის ვაშლის ფასი, ხოლო დაბალი ხარისხის ვაშლის ფასი სუბსიდირებით 27 თეთრია, რაც ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ვაშლი ღირს.
პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს დაბალი ხარისხის ვაშლის მოცულობის შემცირება და მაღალი ხარისხის წარმოებაზე უნდა გადავიდნენ ფერმერები, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ არამხოლოდ უზრუნველყონ შემოსავლების სტაბილიზაცია, არამედ ხელი შეუწყონ ვაშლის სექტორის მდგრად განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ფერმერი, რომელიც მაღალი ხარისხის ვაშლს აწარმოებს, წარმოების 20% მაინც დაბალ ხარისხში გადის. ძალიან რთულია, რომ 100%-ით მაღალი ხარისხის მოსავალი გვქონდეს და სრულად რეალიზდეს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ალექსანდრე ღამბაშიძემ.