ქართველი გადამზიდავები შუა დერეფნის მეტად გააქტიურებას ელიან. ამბობენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მიხეილ ნამადოვმა - Kairos logistics-ის გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, ირან-ისრაელის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, გადაზიდვების სექტორში სატრანსპორტო ხაზების გადალაგება მიმდინარეობს.
„გადამზიდავები, რომლებიც ირანის პორტებს სატრანზიტო მიზნით იყენებდნენ, საფრთხის მაღალი რისკებიდან გამომდინარე, ალტერნატიულ გზებს განიხილავენ, რომელიც შუა დერეფანსა და საქართველოს კორიდორს მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, ირან - ისრაელს შორის ომი დასრულებულია, ინტერესი შუა დერეფნის მიმართ მაინც მზარდია, ამიტომ, მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს დერეფანში ტვირთების დამატებითი ნაწილი გადმომისამართდება. სხვათა შორის, ჩვენი სამეზობლოდან აქტიურად დაიწყეს უკვე პარტნიორებმა ჩვენთან დაკავშირება, რომ გამოიყენონ საქართველოს დერეფანი, როგორც ალტერნატივა“, - აღნიშნა ნამადოვმა.
მისივე ვარაუდით, აზიური, მათ შორის ჩინური ტვირთების გარკვეული ნაწილი, რომელიც ირანის გავლით მოძრაობდა, საქართველოს პორტების გავლით მოხვდება დანიშნულების ქვეყანაში.
როგორც ცნობილია, დასავლეთ ევროპის სავაჭრო გზა, ფაქტობრივად, სამი დერეფნისგან შედგება, ესენია - ჩრდილოეთ, სამხრეთ და შუა დერეფანი. ე.წ სამხრეთ დერეფანი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ისედაც შეზღუდული იყო.რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სრული დატვირთვით ვერ მუშაობს ვერც ჩრდილოეთის დერეფანი. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, გადაზიდვების სფეროში შუა დერეფნის გააქტიურების მოლოდინია.
რაც შეეხება ტვირთის გადაზიდვების ფასების, ადგილობრივ კომპანიებში ამბობენ, რომ ირან-ისრაელის ომის დაწყების პირველივე დღეებში საწვავის ფასი გაიზარდა, რაც ბუნებრივად უნდა ასახულიყო გადაზიდვების ფასზე, თუმცა, შუა დერეფნის კიდევ უფრო მეტად განვითარების მიზნით, კომპანიებმა გადაზიდვებზე მანამდე არსებული ტარიფები შეინარჩუნეს.
მიხეილ ნამადოვის ინფორმაციით, ამჟამად, 40-ფუტიანი კონტეინერის რკინიგზით გადაზიდვის თანხა 7000-8000 დოლარს შეადგენს, საზღვაო გადაზიდვების ფასი კი იმავე მოცულობის ტვირთთან მიმართებით, 3500 დოლარიდან 4000 დოლარამდეა.
გადამზიდავების ინფორმაციით, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ტარიფები ნელ-ნელა უახლოვდება იმ ნიშნულს, რომელიც წითელი ზღვის კრიზისის დაწყებამდე იყო. კერძოდ, 2024 წლის იანვრამდე, 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა 3000 დოლარი ჯდებოდა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს რკინიგზამ 3 მილიონი ტვირთი გადაიტანა, რაც თითქმის 7 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება პორტებს, აქ ზრდის მაჩვენებლები ფიქსირდება - კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 9.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.