„სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი მისმა ინტერესების დამცველმა, ირმა ჭკადუამ მოინახულა.

როგორც ავდოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მოგვიანებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად გააკეთებს განცხადებას, სადაც პასუხი „ყველა კითხვას“ გაეცემა.

„მოგვიანებით ბატონი გიორგი გააკეთებს განცხადებას და ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, რომელიც მასმედიას აინტერესებს. სხვას ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი გუშინ აეროპორტში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია მის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

ინტერპრესნიუსი