სასტუმროების ფედერაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში თბილისის სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია.
როგორც ფედერაციის დამფუძნებელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მეორე კვარტალში დატვირთულობა წლიურად 6-8%-ითაა გაზრდილი, თუმცა შალვა ალავერდაშვილის თქმით, ჯერჯერობით პირველი კვარტალის ჩავარდნა ვერ დაკომპენსირდა.
მისი თქმით, ივნისის თვე კარგი დატვირთულობით მიდიოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, თვის მეორე ნახევარში ბევრი ჯავშანი გაუქმდა.
„ჩავარდნილი პირველი კვარტალის შემდეგ, რაც იყო იანვარი, თებერვალი და მარტი, აშკარად გამოცოცხლება დაიწყო აპრილში, მაისსა და ივნისის პირველ ნახევარში. ამ პერიოდში თითქმის 15%-მდე ზრდა იყო სხვადასხვა მიმართულებით. 10-15%-მდე იყო ჩვენდა სამწუხაროდ, შემდგომ გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი ჯავშნები გაუქმდა. თუმცა ახლა თანდათანობით ხდება ამ ჯავშნების აღდგენა და გამოყენება ამ პერიოდისთვის. ამ ეტაპზე წლიურ დონეში ვართ -8-10%, თუმცა ბოლო სამი თვის ჭრილში ვართ დაახლოებით +6-8%.
მაგრამ პირველი სამი თვის ჩავარდნა ჯერჯერობით ვერ გადაიფარა. იმედი გვქონდა, რომ ომი რომ არ დაწყებულიყო ივნისის ბოლოს თუ არა ივლისის შუა რიცხვებში უკვე შევავსებდით იმ ჩავარდნას, თუმცა ამ ეტაპისთვის ჩავარდნა ჯერჯერობით ვერ შევავსეთ. გვინდა, რომ წლევანდელი სეზონი ისე ჩავატაროთ, მინიმუმ აგვისტოს ბოლოს თუ არა, სექტემბრის ბოლოს მაინც შევეცადოთ, რომ წლიურ დონეში დავეწიოთ შარშანდელ წელს“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.