„გლეხისთვის, რომელსაც ყურძენი მოჰყავს, ხარჯები ყოველწლიურად იმატებს და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაც იზრდება, ამიტომაც, სულ უფრო მეტი რესურსია საჭირო იმისთვის, რომ ამ საქმეში დარჩნენ და ეს სულ უფრო და უფრო უჭირთ“, - „ბიზნესპრესნიუსთან“ ამის შესახებ ფერმერმა, თემურ კიკალიშვილმა, განაცხადა.

ფერმერის თქმით, ყურძენზე ფასს სახელმწიფო არ უნდა ადგენდეს და, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ამას თავად ბაზარი უნდა აკეთებდეს.

„სახელმწიფო ფასს არ უნდა ადგენდეს, ამას ბაზარი უნდა აკეთებდეს და თუკი სისტემა გამართულად იმუშავებს, ასეც მოხდება, მაგრამ ჩვენთან სხვანაირადაა. პრობლემა ზუსტადაც საერთო სისტემის არარსებობა და არაეფექტიანად აწყობილი სტრუქტურაა, რაც ამ სფეროში ჩართულ დაბალ ფენაზე განსაკუთრებულად მტკივნეულად მოქმედებს. უფრო მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვა, გლეხის ხელშეწყობა სახელმწიფოს ინტერესში არ შედის.

რაც შეეხება მათ განცხადებას, რომ სუბსიდირებით შეწყვეტით მევენახეებისა და მეღვინეების მოტივაცია გაიზრდება, რათა ხარისხიანი ყურძენი აწარმოონ, ლამაზად მოწოდებული წინადადებაა, რომელსაც რეალობასთან საერთო ბევრი არაფერი აქვს. რეალურად თუ შევხედავთ, მათ დიდ ნაწილს დღემდეც უჭირდა და ამ მხრივაც არაფერი შეიცვლება, ვენახის მოვლა კვლავ რთულ და წამგებიან მიმართულებად რჩება.

ერთ-ერთი გამოსავალი ისაა, რომ ფალსიფიცირებასა და ყურძნის „გაბევრების“ პრობლემას ებრძოლონ. ხალხი შაქარს და სხვადასხვა ნივთიერებას რომ ურევს ყურძენს, ასე შეიძლება?! თუკი ამ ყველაფერს რეალურ ბრძოლას გამოუცხადებ, შედეგად მივიღებთ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას და გლეხისა თუ კომპანიების ინტერესი იქნება, ხარისხიანი ყურძენი მოიყვანონ და ხარისხიანი ღვინო დაამზადონ.

ყოველწლიურად ტონობით დაზიანებულ და დაავადებულ ყურძენს იბარებენ, მაგრამ სპირტს მაინც უცხოეთში ვყიდულობთ და იქიდან შემოგვაქვს, როცა შეგვიძლია, რომ საკუთარი მოთხოვნები ჩვენით დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა კიკალიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.

www.bpn.ge