„შვებულების პერიოდში განპიროვნებულ ავტომობილებზე შესაბამისი დასაბუთების გარეშე ხდებოდა საწვავის ხარჯვა“,- ამის შესახებ შპს „ენგურჰესზე“ მომზადებულ აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა სპეცტექნიკაზე გახარჯული საწვავით სამუშაოების შესრულებას, რაც აუდიტის შეფასებით, საწვავის არამიზნობრივად გამოყენების რისკებს წარმოშობს.

„განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირების შვებულებაში ყოფნის პერიოდში, ხშირ შემთხვევებში ავტომანქანა არ იყო გაჩერებული და არც დოკუმენტურად დასაბუთებული საფუძვლით იყო გადაცემული სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების სხვა თანამშრომელზე.

2022-2023 წლებში შვებულებაში ყოფნის პერიოდში განპიროვნებულ ავტომანქანებში ჩასხმულია 9 663 ლარის ღირებულების 3 703 ლიტრი საწვავი, რაც წარმოადგენს არამართლზომიერ ხარჯს.

2022 წლის ნოემბრიდან, 2023 წლის მარტამდე პერიოდში ფიქსირდება საწვავის ჩასხმის ფაქტები იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტობუსი), რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული იყო შპს,,ენგური ატრაქციაზე“. კომპანიის განმარტებით, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დიდთოვლობის დროს ავტობუსი გამოიყენებოდა თაღოვანი კაშხლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის. ამ პერიოდში სულ გახარჯულია 2 359 ლარის 840 ლიტრი საწვავი.

2022-2023 წლებში კომპანიის ბალანსზე რიცხული ხუთი დასახელების სპეცტექნიკაზე გახარჯულია 58 838 ლარის 21 299 ლიტრი საწვავი, რაც კომპანიის განმარტებით, ხარჯებში ჩამოწერილი იყო GPS მოწყობილობის საფუძველზე დაფიქსირებული ნამუშევარი ძრავ/საათების მიხედვით, თუმცა აღნიშნული მონაცემები ვერ იქნა წარმოდგენილი, ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით, მიმწოდებელს GPS მონაცემების შენახვა ევალებოდა არაუმეტეს 12 თვისა, ხოლო კომპანია აღნიშნულ მონაცემებს არ ინახავდა.

გარდა აღნიშნულისა, კომპანიაში არ ხდებოდა სპეცტექნიკით შესრულებული სამუშაოების სათანადო დოკუმენტური დადასტურება, შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება გახარჯული საწვავის მიზნობრიობის შესახებ“,- აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია წარმომადგენლობითი ხარჯის დაუსაბუთებლობაზე. კერძოდ:

„2022-2023 წლებში კომპანიის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 173 332 ლარი შეადგინა. წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას ზოგ შემთხვევაში, არ ხდებოდა მოხსენებითი ბარათების შედგენა ღონისძიებების დასახელებისა და მასში მონაწილე პირების მითითებით, ხოლო გარკვეული სახის ხარჯები გაწეული იყო სათანადო დასაბუთების გარეშე.

კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ზოგ შემთხვევაში არ არის მითითებული ღონისძიების დასახელება ან ვერ დგინდება იმ ღონისძიებების მიზანი, რომელთა ფარგლებში გაწეულ იქნა წარმომადგენლობითი ხარჯი, ასევე არ არის მითითებული ღონისძიებებზე დამსწრე პირთა ვინაობა და რაოდენობა, რაც წარმოშობს ხარჯების დაუსაბუთებლად გაწევის რისკებს“,- აღნიშნულია დასკვნაში.

ცნობისთვის, შპს „ენგურჰესის“ 100%-იანი წილის მმართველია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საწარმოს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია. კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს ელექტრომომარაგების 35%-ზე მეტს. „ენგურჰესის“ კომპლექსში შედის ჯვარის წყალსაცავი, თაღოვანი კაშხალი, სადაწნეო გვირაბი.

Bpn.ge