დედაქალაქში საცხოვრებელი ბინების გირავნობაზე მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე მიწოდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას უძრავი ქონების აგენტმა ნელი გოგუაძემ განაცხადა.
გოგუაძის თქმით, მეპატრონე საკუთარ საცხოვრებელ ფართს, ძირითადად, იმ შემთხვევაში აგირავებს, თუ ამის უკიდურესი საჭიროება აქვს.
„ცხოვრების უფლებით დაგირავების (ვინც თანხას იხდის მან რომ იცხოვროს ბინაში) ძალიან ბევრი განცხადება შემოდის, მაგრამ ძალიან ცოტაა მიწოდება. განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა, ისეთ პერიოდში როდესაც სტუდენტები ჩამოდიან. ყველას ურჩევნია, იგირაოს ბინა, ვიდრე 4-5 წელი ქირაში გადაიხადოს თანხა. თუმცა, ძირითადად, ისეთ შემთხვევაში ხდება ბინის დაგირავება, თუ ადამიანს ძალიან სჭირდება ფული და ამ საჭიროებას ბანკით ვერ იკმაყოფილებს, რაც იშვიათია. სწორედ ეს იწვევს მიწოდების ნაკლებობას.
ადამიანი, რომელსაც სურს, რომ გირაოთი იცხოვროს, მაქსიმუმ იხდის ბინის ღირებულების 50%-ს. ამ მიმართულებითაც ხშირად არის ხოლმე შეუთანხმებლობა. ზოგჯერ, მეპატრონეები გასაყიდ ფასთან ძალიან მიახლოებულ თანხას ასახელებენ, რაც, ბუნებრივია, ფართის აღების მსურველისთვის მიუღებელია", - აცხადებს გოგუაძე.
უძრავი ქონების აგენტის თქმით, ბინის დაგირავების საშუალო ღირებულება დედაქალაქში 15 ათასიდან 20 ათას დოლარამდე მერყეობს.
„მსურველები ძირითადად ასახელებენ 15 000 დოლარიდან 20 000 დოლარამდე თანხას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რისკთან არის ეს საკითხი დაკავშირებული და დიდი თანხის ჩადება არავის უნდა.
თუმცა, 60 ათას დოლარადაც შემომივიდა დღეს გასაგირავებელი ბინის განაცხადი. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სტუდენტისთვის გირაობს მშობელი ბინას, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ენიჭება ისეთ უბანს, სადაც უფრო მარტივია მოძრაობა და არის მეტროსთან შედარებით ახლოს. ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც, შესაძლოა, შედარებით მაღალ ფასად მოხდეს სახლის გაგირავება", - აცხადებს ნელი გოგუაძე.