ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადება, არა მხოლოდ უადგილო, არამედ არასწორია. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოაქვეყნა.

„ნამდვილი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ პუტინს არ სურს საბჭოთა კავშირის დაშლის მიღება, კიდევ ერთი მიზეზი არის დასავლეთის დაშოშმინების პოლიტიკა, რომელიც მკაფიო გამაფრთხილებელი ნიშნების იგონირირებას ახდენდა. ჩვენს რეგიონში რუსეთის ნამდვილი ბუნება საკმაოდ ადრე ამოიცნეს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, დასავლეთის უმრავლესობა გამაფრთხილებელ ნიშნებს უარყოფდა, მაშინაც კი, როცა პუტინმა 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას თავისი ანტიდასავლური მოსაზრებები გამოთქვა და საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიაზე ისაუბრა.

„არც საქართველოში ომს 2008 წელს და არც ყირიმის ანექსიას 2014 წელს ძლიერი პასუხი არ მოჰყოლია. ამის ნაცვლად ჩვენ ვნახეთ „გადატვირთვის“ ღილაკის განმეორებითი დაჭერის მცდელობები, ძალისხმევა გამართულიყო დიალოგი რუსეთთან და მოსკოვის სისასტიკის ინგნორირების ნება. მერკელმა ენთუზიაზმით გახსნა მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“, მერკელის ხელშეწყობით მისი ქვეყანა რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული გახდა“, – წერს ცაჰკნა.

მისივე თქმით, „რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესია ვერ იქნება გაგებული, თუ არ იქნება გათვალისწინებული 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც უკრაინას და საქართველოს უარი უთხრეს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ შეცდომებმა დაარწმუნა რუსეთი, რომ 2002 წელს ომი დაეწყო უკრაინის წინააღმდეგ.

„ახლაც კი რუსეთის მიმართ მცირე დათმობებიც კი პუტინს მეტ ჟანგბადს აძლევს, რათა გააგრძელოს უკრაინის ტერორიზება და უფრო შორსაც წავიდეს, მოაწყოს რა ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ პროვოკაციები“, – განაცხადა ესტონეთის საგაერო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს გაკვეთილები ცხადყოფს, რომ რუსეთი მხოლოდ ძალაზე რეაგირებს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია, გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა და უზრუნველყოთ უკრაინა სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გადაწყვეტილება დაკავშირებულია პოლონეთისა და ბალტიიისპირეთის ქვეყნების პოზიციასთან, რომლებიც უარს ამბობდნენ პუტინთან კონტაქტებზე.

პირველი არხი