2025 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია. საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპი მკვეთრად შენელდა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბიუჯეტის შესრულებას და აჩენს კითხვებს ეკონომიკური გუნდის კომპეტენციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს.
„2025 წელს სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია
- ხუთი თვის მიხედვით, ნაერთ ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი შარშანდელთან შედარებით შემცირდა თითქმის 5-ჯერ (5 თვე, 2025: 4,7%; 5 თვე, 2024: 22,3%); შარშანწინდელთან შედარებით - 4-ჯერ (5 თვე, 2025: 4,7%; 5 თვე, 2023: 20,1%); ხოლო 2022 წელთან შედარებით - 7,5-ჯერ!!! (5 თვე, 2025: 4,7%; 5 თვე, 2022: 35,6%).
- არსებული ტრენდის მიხედვით, წლის ბოლოს ნაერთ ბიუჯეტს საგადასახადო ნაწილში დაახლოებით 925 მილიონი ლარის დაგეგმილი შემოსავალი დააკლდება: პირველ 5 თვეში ზრდის ტემპის არის 4,7%; ამ ზრდის ტემპის შენარჩუნებით ხაზინა წელს აკრეფს ჯამში 24,38 მილიარდ ლარს; ხოლო საბიუჯეტო გეგმა ითვალისწინებს საგადასახადო შემოსავლების 8,6%-იან ზრდას, ანუ 25,31 მილიარდი ლარის აკრეფას).
- არსებული ტრენდის მიხედვით, ვერ მოხდება 6 თვის საგადასახადო გეგმის შესრულება: 6 თვის გეგმა ითვალისწინებს 6,4%-იან ზრდას, როცა 5 თვის მიხედვით ზრდის ტემპი არის მხოლოდ 4,7% (შესაბამისად, ასაკრეფია 12,28 მილიარდი ლარი; ხოლო არსებული ზრდის ტემპით აიკრიფება მხოლოდ 12,08 მილიარდი ლარი).
- ბოლოს, სერიოზული კითხვები, რომლებზეც, წესით, ნორმალურ სახელმწიფოში მყისიერად უნდა ვიღებდეთ მთავრობის პასუხს:
- თუ ეკონომიკა, რეალურად (ანუ, ინფლაციის გათვალისწინებით) იზრდება 8,8%-ით, რა მიზეზით კრეფს სახელმწიფო წელს ასე ცოტა გადასახადებს?
- საიდან ვაპირებთ თითქმის ერთი მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავლის დანაკლისის ანაზღაურებას?
- o სესხით? თუ კი, მაშინ, ვისგან და რა პირობებით?
- o თუ ბიუჯეტის სეკვესტრი იგეგმება მილიარდი ლარით? თუ კი, რა ხარჯების სექკვესტეი იგეგმება და როდის გვეცოდინება ეს?
- ბოლოს, ვინმე აგებს ამ ჩავარდნაზე პასუხს? მაგ. ქართულ ოცნების პრემიერ-მინისტრი? ან, პრემიერ-მინისტრი და მთლიანი ეკონომიკური გუნდი? ან, თუნდაც შემოსავლების სამსახური, რომელიც წესით პასუხისმგებელია გადასახადების აკრეფაზე?“ - წერს ხიშტოვანი და აკრეფილი გადასახადების მაჩვენებლებს ურთავს.