თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრიდან თურქეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შემოწმების ახალი პროცედურები ამოქმედდება - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს.


„თუ დღემდე უცხოელი გადამზიდავების – მათ შორის ნებართვების, ECMT ლიცენზიების და სხვა თანმხლები დოკუმენტების – კონტროლი ძირითადად სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ხორციელდებოდა, ახალი რეგულაციებით ინსპექტირება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ გზებზეც იქნება შესაძლებელი და ნებისმიერი გამოვლენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმებია გათვალისწინებული.


რეგულაციების ახალი მექანიზმის დანერგვის მიზანია სასაზღვრებზე რიგების განმუხტვა, პროცედურების დაჩქარება და საერთაშორისო სატრანსპორტო რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა.

რას ითვალისწინებს ახალი რეგულაციები?


თურქეთის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის გადამზიდავი კომპანიები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ტრანზიტით მოძრაობისას, მკაცრად ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი მოთხოვნები:

იკრძალება კაბოტაჟური გადაზიდვა – თურქეთის ტერიტორიაზე უცხოური სატვირთო მანქანებით შიდა გადაზიდვები აკრძალულია. ასეთი გადამზიდავებისთვის ჯარიმები გაიზარდა, განმეორებითი დარღვევები კი მრავალჯერად დაჯარიმებას გამოიწვევს.

ნებისმიერი სახის ნებართვების და ლიცენზიების ხელმისაწვდომობა – ორიგინალები (ან შემოწმების შესაძლებლობით ელექტრონული ვერსია) სატრანსპორტო საშუალების ბორტზე ტვირთის ტრანსპორტირების დასრულებამდე უნდა ინახებოდეს.


ელექტრონული ნებართვები/ლიცენზიები უნდა იყოს დამოწმებული (ვერიფიცირებული). საზღვარზე ნებართვის/ლიცენზიის წარმოდგენის შემდეგ გადამზიდავები ვალდებულნი არიან შეინახონ ორიგინალი გადაზიდვების დასრულებამდე.

დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც ECMT ნებართვები გადაეცემა სხვა გადამზიდავს ქვეყანაში შესვლისთანავე და არა ტვირთის დასრულების ადგილამდე მიჰყვება სატრანსპორტო საშუალებას.

თანმხლები დოკუმენტების ბორტზე არსებობა – (საბორტო ჟურნალი, ტექნიკური შემოწმება ECMT-ს და ა.შ.) სატრანსპორტო სამსახურებისათვის შემოწმებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

კომპანიის/სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის მითითების აუცილებლობა – ნებართვაზე კომპანიის რეგისტრაციისა და სანომრე ნიშნის მიუთითებლობა ან მისი სხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაცემა სამართალდარღვევად ითვლება.

ნებართვის გადამზიდავზე შესაბამისობის უზრუნველყოფა – ნებართვა უნდა იყოს კომპანიის სახელზე გაცემული და უნდა არსებობდეს მფლობელსა და მომხმარებელს შორის მოქმედი შეთანხმება.

იკრძალება ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება – ამ შემთხვევაში გადამზიდავი ვალდებულია მიიღოს ახალი ნებართვა ან გადაიხადოს თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული საფასური.

სპეციალური ნებართვის გარეშე გადაზიდვები დაჯარიმებას ექვემდებარება – გადაზიდვა, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ნებართვას, მაგრამ მის გარეშე ხორციელდება, გამოიწვევს ჯარიმებს.

საერთაშორისო საავტობუსო გადაყვანები – მკაცრად უნდა იცავდეს დამტკიცებულ მარშრუტს, ტარიფებსა და გრაფიკს. მგზავრებს ავტობუსში ასვლა და გადმოსვლა მხოლოდ დანიშნულ პუნქტებში შეუძლიათ.

რამ განაპირობა ახალი რეგულაციების ამოქმედება?


თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ბოლო წლებში დაფიქსირდა ECMT ლიცენზიების გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის სატვირთო მანქანების ჩანაცვლება, ლიცენზიების სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე გადაცემა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობა.


ახალი რეგულაციის პროცედურა, მათ შორის დოკუმენტების QR კოდების გამოყენებით გადამოწმების შესაძლებლობა, უზრუნველყოფს გადამზიდავებს შორის გამჭვირვალობას.


თურქეთის გავლით ტრანზიტის დროს ჯარიმებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, უცხოურ კომპანიებს მკაცრად ურჩევენ, წინასწარ წესრიგში მოიყვანონ და შეამოწმონ დოკუმენტაცია“ – წერს  „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ .