უპრეცედენტო ოდენობის - 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირი კომპანია „ფინ“-ის მფლობელი კახა კოტორაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

საუბარია, 16 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც პროკურატურამ 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, კახა კოტორაშვილის მამამ მათთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი შვილი 16 სექტემბერს სავალუტო პუნქტთან დააკავეს. მისივე თქმით, ჩხრეკა ჩატარდა ბიზნესმენის სახლშიც, საიდანაც დოკუმენტებია წაღებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, რა არის ცნობილი აღნიშნული კომპანიისა და მისი მესაკუთრის შესახებ.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ფინ“-ი 2010 წელს არის რეგისტრირებული. კახა კოტორაშვილი კი მისი 90%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. რეესტრის მონაცემებითვე, კომპანიის დარჩენილი 10% ეკუთვნის ვახტანგ კოტორაშვილს. აღსანიშნავია, რომ კახა კოტორაშვილის მამის განცხადებით, დაკავებულია მხოლოდ მისი შვილი, ხოლო ვახტანგ კოტორაშვილი საგამოძიებო უწყებას ამ ეტაპზე დაკავებული არ ჰყავს.

რაც შეეხება საქმიანობის სფეროს, რეესტრში აღნიშნულია, რომ შპს „ფინი“ ფუნქციონირებს როგორც საიუველირო ნივთების ლომბარდი, ასევე ახორციელებს ვალუტის გადაცვლასაც.

მნიშვნელოვანია, რომ სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კახა კოტორაშვილის სახელზე „ფინ“-ის გარდა სხვა კომპანია არ ფიქსირდება.

ცნობისთვის, reportal.ge-ს მიხედვით, "ფინ"-ი მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიეკუთვნება, შესაბამისად, კომპანიის ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაცია დახურულია. "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონის მიხედვით კი მე-4 კატეგორიის საწარმოს მიეკუთვნება ის კომპანია, რომლის აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს, წლიური შემოსავალი 2 მილიონ ლარს, ხოლო საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.

bpn.ge