Galt & Taggart-ის შეფასებით, ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებით ლარის გამყარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გლობალურად დოლარის დასუსტებაა.
როგორც BMG-ის Galt & Taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ განუცხადა, თებერვლიდან მოყოლებული დეპოზიტების დოლარიზაციის კლება ფიქსირდება, რასაც დოლარის გლობალურად გაუფასურება ემატება. ეს ფაქტორები კი ლარზე დადებითად აისახება.
Galt & Taggart-ში ამბობენ, რომ პარალელურად ამისა, ლარის გამყარებას ხელს უწყობს სავალუტო შემოდინებებიც.
“თებერვლიდან უკვე ვხედავდით, რომ პირიქით კონვერტაციებს ჰქონდა ადგილი, თებერვალში დეპოზიტების დოლარიზაცია 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მარტში კიდევ 0.35 პროცენტული პუნქტით. ამ ფაქტორს მარტიდან გლობალურად დოლარის დასუსტება დაემატა და ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ გლობალურად დასუსტებული დოლარი გამოირჩევა დომინანტური პოზიციით იმ პროცესში, რაც ახლა დოლარი-ლარის მიმართულებით გვაქვს. აქ, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურ ფაქტორებსაც უნდა მივაქცოთ ყურადღება, ეს ფაქტორები არ უარესდება, პირიქით, წლიურად მცირე გაუმჯობესება გვაქვს და დამატებით დოლარის გლობალურად დასუსტება არის ხელშემწყობი როგორც ლარისთვის, ასევე რეგიონის ვალუტებისთვის”, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ცნობისთვის, იმაზე, რომ დოლართან მიმართებაში ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას დოლარის გლობალური შესუსტება განაპირობებს, ეროვნული ბანკის ბოლო მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშიცაა აღნიშნული.