„კონკურენციის ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ სერიოზული მოთამაშეები ჩვენს ბაზარზე არ შემოდიან, რადგან იციან, რომ ბაზრის თითქმის მთელი ნაწილი ორ ბანკს უჭირავს და, ასეთ პირობებში, კონკურენციაში შემოსვლა რაციონალური ნაბიჯი ვერ იქნება“, - „ბიზნესპრესნიუსთან“ ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა, დავით კიკვიძემ განაცხადა.
კიკვიძის თქმით, ის რომ ორ ბანკს ბაზარზე ამხელა როლი აქვს, ჯანსაღ პროცესად ვერ შეფასდება.
„დიდი ხანია ვიცით, რომ საბანკო ბაზრის უდიდესი ნაწილი მხოლოდ ორ ბანკს უკავია, შესაბამისად, მოგების გადანაწილების ასეთი მოცემულობაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ზოგადად, მივეჩვიეთ იმასაც, რომ ქართული ბანკები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, არარეალურ მოგებაზე გადიან.
ცხადია, ის რომ ორ ბანკს ბაზარზე ამხელა როლი აქვს, ჯანსაღ პროცესად ვერ შეფასდება, რადგან კონკურენციის ნაკლებობაზე პირდაპირ მიუთითებს. ქართულ ბაზარს აკლია საფინანსო ინსტიტუტები და საუბარი მხოლოდ ბანკებზე არ მაქვს, არამედ, ზოგადად, საფინანსო ინსტიტუტებზე, რომლებსაც შეუძლიათ ბაზარი საკრედიტო და საფინანსო პროდუქტებით მოამარაგონ.
სწორედ კონკურენციის ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ სერიოზული მოთამაშეები ჩვენს ბაზარზე არ შემოდიან, რადგან იციან, რომ ბაზრის თითქმის მთელი ნაწილი ორ ბანკს უჭირავს და, ასეთ პირობებში, კონკურენციაში შემოსვლა რაციონალური ნაბიჯი ვერ იქნება.
რაც შეეხება „ბაზისბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ შესაძლო გაერთიანებას, ამ ამბავს პოზიტიურად შევაფასებდი, რადგან ჩნდება შანსი, რომ ქვეყანაში მესამე დიდი ბანკი შეიქმნას და კონკურენცია შედარებით გამძაფრდეს.
თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ამ ბანკს ბაზარზე რა ტიპის პოზიციონირება ექნება. როგორც ვიცით, „ბაზისბანკი“ უფრო მეტად კორპორაციულ ბიზნესზე აკეთებს აქცენტს, „ლიბერთის“ ნიშა კი დაბალი სეგმენტია, თუმცა მაინც უფრო ვფიქრობ, რომ ამ ბანკის ძირითადი ხაზი კორპორაციული კუთხით გაძლიერება შეიძლება იყოს“, - განაცხადა კიკვიძემ.