2023 წლის მაისის მდგომარეობით საპენსიო ფონდის საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 3,473 მლნ ლარს შეადგენდა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 556 მლნ ლარია.

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის მაისამდე 46.08%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 7.20% შეადგინა. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საინვესტიციო პორტფელის 81% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში.

რაც შეეხება პორტფელის განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 53.7% განთავსებული იყო 8 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი.

გლობალურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 15.8%, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში 2.9%, ხოლო საქართველოს სახაზინო ობლიგაციების წილი პორტფელის 14.7%-ს შეადგენდა. საპენსიო აქტივების 0.7% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 0.3% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში.